პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღეს.
კერძოდ, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ პარტიის შემდეგ წევრებს: თეონა აქუბარდიას, ანა ბუჩუკურს, გიორგი გახარიას, ლევან გოგიჩაიშვილს, ზაზა თავაძეს, ბექა ლილუაშვილს, ნათია მეზვრიშვილს, ბერდია სიჭინავას, კახაბერ ქემოკლიძეს, როინ ქოჩორაშვილს, დიმიტრი ცქიტიშვილს, ზვიად ძიძიგურს.
პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო სია არ ჩაუხსნია, შესაბამისად, მისი 12 წევრი დღემდე საქართველოს პარლამენტის წევრად ითვლებოდა. როგორც პარლამენტის სხდომაზე საკითხზე მომხსენებელმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი საქართველოს პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა.
„გახარია საქართველოსთვის“ წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტამდე, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მანდატების შეწყვეტის შემთხვევაში, პარტიას ექვსი თვით შეუჩერდებოდა პარტიული დაფინანსება.
„გვაქვს პარტიის „საქართველოსთვის“ პარლამენტის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხი. საგაზაფხულო სესიაზე ჩატარდა 26 პლენარული სხდომა. მათ 26-ვე არასაპატიო მიზეზით აქვთ გაცდენილი, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ თავის თავს თავადვე უწყვეტენ მანდატს იმით, რომ არ ასრულებენ იმ მანდატს, რომელიც მათ მიიღეს არჩევნებში. აქვე მოგახსენებთ, რომ ამ მოწვევის პარლამენტის განმავლობაში, ანუ 26 ოქტომბრის შემდეგ, პარტიას „საქართველოსთვის“ დაახლოებით 800 000 ლარი პარტიული დაფინანსება აქვს მიღებული ისე, რომ ერთი დღეც არ გაუტარებიათ პარლამენტში. შეგახსენებთ რეგულაციას, რომ მანდატების შეწყვეტის შემთხვევაში, პარტიას 6 თვით შეუჩერდება პარტიული დაფინანსება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.