“ვინ არის პროგრესული ადამიანი – უზნეო კაცი?!” – ასე გამოეხმაურა მამა დავით ნოზაძე ლგბტ თემის აქციას, რომელიც კანცელარიასთან გაიმართა. მამა დავითი სხვა სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად იმ ტერიტორიასთან იმყოფებოდა, სადაც ლგბტ თემის აქცია იმართებოდა.
ჰომოჰობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის საპირისპიროდ სასულიერო პირებმა და მრევლმა ოჯახის სიწმინდის დღე აღნიშნეს. სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან დაიძრა, ზუსტად იმ ადგილისკენ სადაც ლგბტ თემის აქცია მიმდინარეობდა.
ისინი საპატრულო პოლიციის მიერ მთავრობის ადმინისტრაციასთან გაკეთებულ კორდონთან გაჩერდნენ, მათ საშუალება არ მიეცათ გზის გაგრძელების, რადგან კანცელარიასთან მისასვლელი ყველა გზა საპატრულო პოლიციას ჰქონდა ჩაკეტილი.
“ჩვენ აქ იმიტომ შევიკრიბეთ, თქვენ რომ მოსულიყავით და ეს გვეთქვა, ისე რომ გეხვეწოთ არ მოხვალთ და ახლა მაქვს საშუალება გითხრათ… ყველა პასუხს აგებს ღმერთის წინაშე. თქვენც ჟურნალისტებიც, აქტიურად რომ აშუქებთ ამ თემას, წარსდგებით ღმერთის წინაშე და ღმერთი ხომ გეტყვით: ქრისტიანი იყავი პირველ რიგში თუ ჟურნალისტი? ამას იმიტომ გეუბნებით, რომ მერე ყველაფერს ისე გააკეთებთ, რომ თითქოს ერთი მხარე არის გაუნათლებელი და მეორე – პროგრესული. ვინ არის პროგრესული? უზნეო კაცი?” – აღნიშნა საუბრისას სასულიერო პირმა.