ხუთშაბათს, 3 ივლისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) განაცხადა, რომ საფრანგეთს უფლება ჰქონდა, პირობითი ჯარიმები შეეფარდებინა გარემოს დამცველი აქტივისტებისთვის, რომლებმაც, 2019 წელს, საპროტესტო აქციებში გამოსაყენებლად, მერიებიდან პრეზიდენტ მაკრონის ოფიციალური პორტრეტები მოიპარეს. მომხდარ ფაქტზე, 11 დემონსტრანტს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი ჰქონდა შეტანილი და ამტკიცებდა, რომ საფრანგეთმა მათი გამოხატვის თავისუფლება შეზღუდა. თუმცა, ECHR-მა დაადგინა, რომ საფრანგეთს აქტივისტებისთვის საკუთარი აზრის გამოხატვაში ხელი არ შეუშლია და სასამართლო პროცესი „მათი საკომუნიკაციო სტრატეგიის ნაწილად“ შეიძლება ჩაითვალოს. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, 200-დან 500 ევრომდე პირობითი ჯარიმები არის „ყველაზე რბილი შესაძლო სანქცია“ და, შესაბამისად, ის არაპროპორციულ ზომად ვერ ჩაითვლება.
პრეზიდენტის პორტრეტი საფრანგეთის ყველა მერიაშია გამოფენილი. ამ პორტრეტებზე, ემანუელ მაკრონი მაგიდის კიდესთან ზის, მის გვერდით ორი მობილური ტელეფონი დევს, ხოლო უკან საფრანგეთის წინააღმდეგობის გმირის, ომის შემდეგ კი პრეზიდენტის, შარლ დე გოლის მემუარები ალაგია. 2019 წელს მომხდარი პორტრეტების ქურდობის უკან მდგომმა ჯგუფმა „არაძალადობრივი ქმედებები-COP21“ (Non-Violent Action COP21), განაცხადა, რომ მაშინ საფრანგეთში დაახლოებით 130 პორტრეტი მოიპარეს. ჯგუფის თქმით, მათი „მორალური მოვალეობა“ იყო, კლიმატის ცვლილების საკითხში მაკრონის მთავრობის პასიურობის ფონზე, აქტიურად ემოქმედათ. პარიზსა და აღმოსავლეთ საფრანგეთის ორ სხვა რეგიონში პორტრეტების მოპარვის შემდეგ, 11-მა მოსარჩელემ, ვიდრე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიმართავდა, საფრანგეთში ყველა სამართლებრივი გზა ამოწურა, ქვედა ინსტანციის სასამართლოებიდან დაწყებული და უზენაესი სასამართლოთი დამთავრებული.
2019 წლის ინციდენტის შემდეგ, საფრანგეთის უზენაესმა სასამართლომ თავისი პოზიცია შეცვალა. 2023 წელს მან აქტივისტების სხვა ჯგუფი, პრეზიდენტის სურათის მოპარვისთვის, გაამართლა და გამოაცხადა, რომ ეს არ იყო პრეზიდენტის ღირსებაზე თავდასხმა. მისი შეფასებით, კლიმატის ცვლილების საკითხი „საყოველთაო ინტერესის“ საგანს წარმოადგენდა.საფრანგეთის უმაღლესმა სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მაკრონის ოფიციალური სურათები (ჩარჩოს გარეშე) მხოლოდ 8,90 ევრო ღირს. მას შემდეგ საფრანგეთის მართლმსაჯულებამ მსგავს საქმეებში სხვა ბრალდებულებიც გაამართლა.
მაკრონის კრიტიკოსებს პრეზიდენტის პორტრეტი 2019 წლამდეც ჰქონდათ მიზანში ამოღებული. 2017 წლის ოქტომბერში, ცენტრალური კრესის (სომის დეპარტამენტი) რეგიონის მერებმა, ადგილობრივი ბიუჯეტის შემცირებისა და სამსახურების გაუქმების პროტესტის ნიშნად, მისი სურათი კედლისკენ შეაბრუნეს.