„ტიკტოკზე“ გამოქვეყნებული უმძიმესი ვიდეო კადრების შემქმნელები და მონაწილეები დაკავებულები არიან – ე.წ. ფაშისტური ჯგუფი, რომელმაც მოზარდი გაიტაცა, იარაღებით დაემუქრა, დაჩოქილს დანით ჭრილობები მიაყენა და ჯგუფის ლიდერისთვის ბოდიში მოახდევინა.
დაკავებულია ცხრა პირი – როგორც ფაქტის მონაწილეები, ასევე ე.წ. ფაშისტური ჯგუფის ლიდერი 30 წლის მამაკაცია. საქმის სხვა ფიგურანტები 18 წლის, ან არასრულწლოვანები არიან.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მოზარდმა „ტიკტოკზე“ გამოქვეყნებულ ფაშისტურ ვიდეოზე უწყინარი კომენტარი დაწერა. ამის შემდეგ დანაშაულებრივი ჯგუფი მასთან გოგო წევრის დახმარებით კონტაქტზე გავიდა, მოტყუებით შეხვდა და გაიტაცა.
წამების კადრები მათ სოციალურ ქსელში დამცირების მიზნით, თავად გაავრცელეს.
ადვოკატის, მაკა ბერიძის განცხადებით, დაზარალებული შემთხვევის შემდეგ საავადმყოფოში მკურნალობდა, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
მაკა ბერაძე „რადიო თავისუფლებას“ უყვება, რომ სასტიკად ნაცემ ბავშვთან დალაპარაკება, მხოლოდ რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ შეძლო.
„დანით აქვს დასერილი სხეული. არის სასტიკად ნაცემი. განსაკუთრებით ურტყეს სახესა და თავში. ოჯახი კატეგორიული წინააღმდეგია, რომ დეტალებზე ვისაუბრო. თუმცა, არსებობს უმძიმესი კადრები და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კადრები საქმეზე მტკიცებულებებად იქნება დართული“.
ადვოკატი მაკა ბერაძე ამბობს, რომ ბიჭი მოძალადეებს პირადად არ იცნობს და „მათი გადაკვეთის ერთადერთი წერტილი“ იყო სოციალური ქსელი:
„ამ დაჯგუფებას შეიძლება ვუწოდო ე.წ. ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი დაჯგუფება. ეს ადამიანები ბავშვს პირადად არ იცნობენ. მხოლოდ სოციალურ ქსელში დაეკონტაქტნენ. დაკავებულებს შორისაა გოგოც. ეს იყო ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული, ანუ ჯგუფურად, ყველა აყენებდა ბავშვს დაზიანებას.
ეს არ მომხდარა ბავშვის სახლთან ახლოს. ამ დაჯგუფებას აქვს თავისი ობიექტები, სადაც ძალადობენ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მოზარდი, ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, გოგონამ, მოტყუებით მიიყვანა იმ ადგილას და შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას მოზარდის ადვოკატი.
ცნობისთვის, პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა.
მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქცვეპუნქტებით (პირის დამცირება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ჯგუფურად და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.