ჩვენ მთავარი არ უნდა დაგვავიწყდეს, ეს ადამიანები, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი, რომლებსაც ბობოლა შეიძლება დავარქვათ, ხშირად და ძალიან აქტიურად უხვევდნენ იმას, რაც ალბათ მათ მართლა უწერიათ, – ამის შესახებ ფილოსოფოსმა ოთარ ჭულუხაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„პირობითად, დემოკრატიის განვითარება – ამაში დახარჯული, პირობითად, არ ვიცი, X მილიონი ან X ათასი თანხა ძალიან მარტივად ექვემდებარება ინტერპრეტაციას და თავისებურად განმარტებას. მაგალითად, ის, რომ გამოხვიდე რუსთაველზე და თქვა, რომ ჩვენ ახლა ტექნიკურ მთავრობას ვაარსებთ ან მიიღო ისეთ ღონისძიებებში მონაწილეობა, რაც ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოებრიობას უთხრის ძირს. ანუ, რეალურად, „ენჯეოების“, არასამთავრობო ორგანიზაციების სახით საზოგადოებაში იყო და ჯერ კიდევ არის ჩამოყალიბებული ჯგუფი, რომელიც არის აშკარად უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარი. ეს არის მთავარი და არა ამის უგულებელყოფა და იმის დეტალებზე დასვლა, იმას იქ რა უწერია. ცხადია, ის არ დაწერს, მე აქ ახლა იმიტომ ვარ, კონკრეტული მთავრობა დავამხო, პირობითად, და უცხოელის პოლიტიკური ინტერესი გავატარო, მაგრამ ჩვენი უახლესი ისტორიის უკანასკნელი სამი წელი საპირისპიროზე მეტყველებს. ჩვენ ვხედავდით ადამიანებს, გამოსულებს კონკრეტული დავალებებით, ანუ, რაღაც რევოლუციური მოწოდებებით ტექნიკური მთავრობის შესახებ და ასე შემდეგ“, – განაცხადა ჭულუხაძემ.
მისი თქმით, მართალია, არავინ არ მალავს, რომ ამაში პოლიტიკური კონტექსტია და ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ სუვერენული ქვეყანა, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, გავაკონტროლოთ ფინანსური ნაკადები, რომელიც შემოედინება და მაქსიმალურად მოვახდინოთ საზოგადოების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ რას რატომ აკეთებს.
„ჩვენ მართლა ხომ არ ვცხოვრობთ ვაკუუმში და ვიცით, რომ ხშირ შემთხვევაში „ენჯეოები“, არა მარტო საქართველოში, არამედ სხვაგანაც, ასე ვთქვათ, მედროშეები არიან გარე ძალების პოლიტიკური ინტერესების გატარების. ასე იყო, მაგალითად, უკრაინაში, ასე არის აქაც და პოსტსაბჭოთა სივრცეში ბევრგან. ეს არ არის გასაკვირი. იგივე ჩვენი მეზობელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამ სფეროდან არის მოსული და ჩვენი 2003 წლის ხელისუფლება, ე.წ. ვარდების რევოლუციით მოსული ხელისუფლების ბევრი წევრი სწორედ, აი, ამ, ასე ვთქვათ, არასამთავრობო ორგანიზაციიდან არის მოსული”, – განაცხადა ჭულუხაძემ.
როგორც ჭულუხაძემ აღნიშნა, მოხდა ისე, რომ ამ ადამიანებს ჰქონდათ პრივილეგირებულობის და ხელშეუხებლობის განცდა, მაგრამ მსოფლიოს ისტორიაში, გეოპოლიტიკაში გაჩნდა ის ფანჯარა, როდესაც ქვეყანას, მათ შორის, ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, გაუჩნდა სუვერენული ნაბიჯების გადადგმის ბილიკი.
„შესაძლებლობების ფანჯარა გაჩნდა და ამ ფანჯარას, საბედნიეროდ, იყენებს საქართველოს სახელმწიფო. კი, შეიძლება, ასე, როგორც ასეთი, კარგია იდეის დონეზე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აკრიტიკებს მთავრობას, უბრალოდ, ეს იდეა არის ძალიან მახინჯად და არასწორად ინსტრუმენტალიზებული წლების განმავლობაში. ამას ჩვენ ვხედავდით მაგალითებით“, – განაცხადა ჭულუხაძემ.
ფილოსოფოსმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ლელო“ და გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას არ შეცვლიან და ამ გზიდან არ გადაუხვევენ, რადგან გადაწყვეტილების მიღმა დგას იმის გაცნობიერება, რომ არჩევნებში არმონაწილეობა არის პოლიტიკური თვითმკვლელობა, პოლიტიკური სუიციდი.