დუბროვნიკის 2025 წლის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ალბანეთის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრს, იგლი ჰასანს შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და ალბანეთს შორის არსებულ ურთიერთობათა დღის წესრიგი, ასევე საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. აღინიშნა პოლიტიკური დიალოგის განვითარებისა და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა.
ორმხრივ თანამშრომლობაზე საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ვაჭრობის, ეკონომიკის, ტურიზმისა და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებაზე.
მხარეებმა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს, ამ კონტექსტში განიხილეს გატარებული რეფორმები და არსებული გამოწვევები.
საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, მიმდინარე გამოწვევებსა და მათი გადაჭრის მშვიდობიან გზებს.