„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ანალიტიკურ მიმოხილვას აქვეყნებს, რომელშიც რუსეთ-უკრაინის ომის შესაძლო სამომავლო შედეგებზე მსჯელობს.
მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში ერთადერთი, ვისაც გადარჩენის არანაირი შანსი არ დაუტოვეს – ევროკავშირია.
„როდესაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აანონსებს აგვისტოს ბოლოს სტამბოლში სამი ლიდერის (ტრამპი-პუტინი-ზელენსკი) სავარაუდო შეხვედრას, უდიდესი ალბათობით, ეს განუხორციელებელი ამბავი, უბრალოდ, პოლიტიკური მნიშვნელობის განცხადებად ჩავთვალოთ. ამაზე გაცილებით დიდი ალბათობაა სექტემბერში სხვა სამი ლიდერის (ტრამპი-სი ძინპინი-პუტინი) შეხვედრისა პეკინში, რაც უკვე შერაცხეს „იალტა-2-ის“ მნიშვნელობის მოვლენად. მის ხორცშესხმას სულ „მცირე დეტალი“ აკლია – ვინ იქნება არჩეული „განტევების ვაცად“, ვინაიდან რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მონაწილე არცერთ ფიგურანტს ამ ეტაპზე საკუთარი მიზნები და ამოცანები ბოლომდე მიყვანილი არა აქვს, ამიტომ რომელიღაც მხარის დამარცხება ხელოვნურად უნდა დაჩქარდეს. განვიხილოთ, ვინ იქნება ეს „განტევების ვაცი“, რომლის პოზიციაზე ნომინაცია უკვე თავის კულმინაციას უახლოვდება.
ვარიანტი 1
„განტევების ვაცი“ უკრაინაა – ამ სცენარის განვითარების „საგზაო რუკა“: ტრამპი (სი ძინპინთან და პუტინთან ერთად) იწყებს მოლაპარაკებებს ახალ მსოფლიო წესრიგზე; რუსეთი მყარად აკონტროლებს უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებს; აშშ ევროკავშირს თამაშიდან გამოთიშავს, რის გამოც ისინი „გატეხილი ღარის“ მდგომარეობაში რჩებიან და ამერიკულ გაზსა და იარაღზე არიან დამოკიდებულნი; ჩინეთი შუამავლის როლს ასრულებს და თავის ბონუსებს ტაივანის სახით, მისთვის „სპეციალური სტატუსის“ მინიჭების გზით იღებს.
ამ სცენარით: აშშ აძლიერებს თავის კონტროლს ევროპაზე; რუსეთი ყინავს ფრონტის ხაზს საკუთარი პირობებით; ჩინეთი ირგებს მშვიდობისმყოფელის სტატუსს და დე ფაქტო (ნაწილობრივ მაინც) აღადგენს თავის იურისდიქციას ტაივანზე. ეს სცენარი იმით არის რეალისტური, რომ ამ ომით ყველა გადაღლილია და იზრდება მხოლოდ რესურსების ჭარბი და ფუჭი (უკრაინული კორუფციის გათვალისწინებით) მოხმარება. მაგრამ, ასეთი „სამშვიდობო პაქტისთვის“ აუცილებელია ზელენსკის რბილად მოშორება − სულ ცოტა, პოლიტიკური გზით. ამის ალბათობა მოკლევადიან პერსპექტივაში (1-2 წლის განმავლობაში) საკმაოდ მაღალია.
ვარიანტი 2
„განტევების ვაცი“ ევროკავშირია – ამ სცენარის განვითარებაში უკრაინა მხოლოდ ფონია: აშშ და დიდი ბრიტანეთი გაჭიანურებული კონფლიქტის გზით საბოლოოდ ანადგურებენ გერმანიის ინდუსტრიას, ანულებენ საფრანგეთის ამბიციებს და ევროკავშირს „ვასალად“ აქცევენ. ამის მკაფიო მაგალითი დავინახეთ შოტლანდიაში, ტრამპის „გოლფ კლუბში“ გამართულ შეხვედრაზე ურსულა ფონ დერ ლაიენთან, სადაც მოხდა ამ უკანასკნელის პოლიტიკურად „გაუპატიურება“ და ევროკავშირის ცინიკური „გაროზგვა“. ამ ყველაფერს დიდი ალბათობით მოჰყვება ფერმერების ფართო პროტესტი, მიგრანტების ჯანყი, საყოველთაო გაფიცვები, ინდუსტრიული საწარმოო ხაზების გაჩერება, სოციალური აფეთქებები, ენერგეტიკული კრიზისი და ა.შ. ეს ყველაფერი უკვე დუღილის წერტილამდეა მიყვანილი. ევროკავშირი, ფაქტობრივად, უკვე დღეს არის ორ ბლოკად დაყოფილი: „აშშ-ის ვასალებად“ (პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები) და „ევროსკეპტიკოსებად“ (უნგრეთი, იტალია, სლოვაკეთი).
ვის ინტერესებში შედის აღნიშნული სცენარის განვითარება: დიდი ბრიტანეთი იბრუნებს თავის გავლენას კონტინენტზე, როგორც „ალტერნატიული ცენტრი“; აშშ საბოლოოდ ატყვევებს ევროპას სამხედრო და ენერგეტიკული დამოკიდებულების გზით; რუსეთი დასავლეთ საზღვარზე უფრო სუსტ მოწინააღმდეგეს იძენს. ეს სცენარიც საკმაოდ რეალისტურია, ვინაიდან ევროკავშირი არ არის ერთსულოვანი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. ნებისმიერი ახალი კრიზისი (მაგალითად, მიგრაციის ზრდა ან ეკონომიკური ვარდნა) დააჩქარებს გარდაუვალ კოლაფსს. ამ პერსპექტივების ალბათობა 2027 წლამდე საკმაოდ მაღალია.
ვარიანტი 3
„კონტროლირებადი ქაოსი“, სადაც „განტევების ვაცი“ ყველაა, მათ შორის რუსეთიც და უკრაინაც. მისი ძირითადი არსია: ომის გაგრძელება განზრახ არის გაჭიანურებული ყველას დასასუსტებლად, ხოლო ოლიგარქიული კორპორაციები და დახურული ელიტები („დიფ სთეითი“) აგრძელებენ კლანურ გამდიდრებას ამ გლობალური ქაოსიდან: უკრაინა რჩება „ხორცსაკეპ მანქანად“, რუსეთი რესურსებს ფლანგავს, ევროპა კრიზისებში იხრჩობა. რამდენიმე წელიწადში ეს ყველაფერი ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნამდე მიგვიყვანს, სადაც „გამარჯვებული“ ქვეყნების ნაცვლად ახალი გლობალური სტრუქტურები გაიმარჯვებენ ციფრული ვალუტებით, ტრანსნაციონალური ბლოკებით და ტექნოკრატიული კორპორაციული მმართველობით.
ამ სცენარის განვითარებით დაინტერესებული არიან: ტრანსნაციონალური კორპორაციები; აშშ-ისა და ბრიტანეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი; გლობალური ბანკირები; ჩინეთი, რომელიც სათავისოდ ხელსაყრელ დროს ელოდება და ეკონომიკურ ქსელებს ავითარებს. ეს სცენარი წინა ორზე უფრო რეალისტურია, ვინაიდან ომის დასრულებას არცერთი მთავარი მოთამაშე არ ჩქარობს, რადგან ამ ომს ფული, გავლენების გაძლიერება და კონტროლის გაფართოება მოაქვს.
ამ სამივე განხილულ ვარიანტში გამარჯვებული გამოვა: აშშ − თუ მას შეუძლია შიდა სტაბილურობის შენარჩუნება და ფულის ბეჭდვის გაგრძელება, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მაქსიმალურად ამოქმედების ჩათვლით; ჩინეთი − თუ დაელოდება მომენტს, როდესაც დასავლეთი და რუსეთი ერთმანეთს გამოფიტავენ; რუსეთი − თუ მას შეუძლია გაუძლოს ეკონომიკურ ზემოქმედებას და ფრონტის ხაზზე „უკან დახევის გარეშე“ გამაგრდეს. ერთადერთი, ვისაც ამ ომში გადარჩენის არანაირი შანსი არ დაუტოვეს − ევროკავშირია, თუ, რა თქმა უნდა, ის საქართველოს სავიზო რეჟიმს არ გაუუქმებს. ეს, რა თქმა უნდა, შავი იუმორით, რეალურად კი, მას, პრაქტიკულად, არანაირი შანსი არ აქვს იმავე ფორმატში დარჩეს, როგორშიც ახლაა და მისი ტრანსფორმირება „ევროსაბჭოთა კავშირიდან“ ახალ ევრო СНГ (დსთ) კონფიგურაციაში მხოლოდ დროის საკითხია“, – წერს დავით ქართველიშვილი.