არაერთხელ გვითქვამს, რომ ე.წ.რადიკალურ ოპოზიციას, იგივე „ნაცმოძრაობას“ და მათ ფილიალებს, არცერთ არჩევნებში არ ჰქონდათ და არც ექნებათ არანაირი შანსი. ეს ძალიან კარგად იციან, მათ შორის „დედა ნაცმოძრაობაში“ და ამიტომაც არის, რომ მონაწილეობას არ იღებენ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ „აირჩია ვითომ ბოიკოტის გზა. ამ დროს იციან, რომ წააგებენ და ამომრჩევლებს ატყუებენ, რომ ვითომ ბოიკოტში არიან“.
„რაც შეეხება „ლელოს“ და გახარიას, ისინი უშანსოდ იყვნენ. არჩევნებამდე თვე-ნახევარია დარჩენილი და ჯერ კანდიდატებზეც ვერ შეთანხმდნენ. „ნაცმოძრაობის“ ორი ფილიალია და ჩხუბი აქვთ ერთმანეთში, ვინ, სად რომელ კანდიდატურას დააყენებს. ეს არის რეალური მოცემულობა და ეს ხალხი გვესაუბრება ჩვენ ღირებულებებზე, ევროპულ, დემოკრატიულ ღირებულებებზე. ამ ხალხს აქვს პრეტენზია, მართოს სახელმწიფო. თავიანთი ამომრჩევლებიც უყურებენ და არ სიამოვნებთ, როდესაც მათი რჩეული პარტიის ლიდერები იმაზეც კი ვერ თანხმდებიან, ვინ იქნება ან მერობის კანდიდატი, ან საკრებულოს კანდიდატები საკრებულოში. შანსებზე ლაპარაკი ზედმეტია. უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ არჩევნებზე კიდევ ერთხელ დადასტურდება ქართული საზოგადოების უმრავლესობის პოზიცია მშვიდობასა და ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ამასთან, მაჭარაშვილის თქმით, ბოიკოტში ვითომ მყოფი „დედა ნაცმოძრაობა“ და მისი ვითომ ახალი „ნაციონალური მოძრაობა“ თავიდან ბოლომდე მართულია უცხოეთის მხრიდან და „ბოიკოტი“ წამგებიანია მათსავე ამომრჩევლის თვალში.
„არ მისცეს საშუალება, მათ ამომრჩეველს წარმომადგენელი ჰყოლოდათ პარლამენტში, ახლა უკვე საკრებულოებშიც აღარ ეყოლებათ წარმომადგენელი. ეს არის მათი ბუნება – შიდა დაპირისპირება. ბუნებრივია, პერსპექტივაზე საუბარი აქ არ არის, მით უმეტეს, საგამოძიებო კომისიის დასკვნის შემდგომ კარგად ვიცით, რაც ელოდება საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალურ მოძრაობას“. ამ დასკვნას საზოგადოება სექტემბერში ნახავს. ამიტომ, ბუნებრივია, მილევად რეჟიმშია ზუსტად ეს „დედა ნაცმოძრაობა“ თავისი ახალი ვითომ „ნაცმოძრაობით“. მათი ბუნება იქაც ჩანს, რომ თავის მომხრეებსაც არ ინდობენ, ბულინგს აწარმოებენ და მათი დევიზია, რომ მათი სრულუფლებიანობა უნდა იყოს დანარჩენების უუფლებიანობის ხარჯზე. თავისი წევრიც რომ იყოს, განსხვავებული აზრი თუ აქვს, უნდა დაბულინგდეს, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მათი მიდგომაა ასეთი. ეს არის ზუსტად ფაშისტური და ბოლშევიკური მიდგომა, რომ ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია. ეს არის „დედა ნაცმოძრაობის“ ბუნება. თქვენ ხედავთ სოციალურ ქსელებში ერთმანეთის მომხრეები ვინ არიან, მათაც კი არ ინდობენ და თავს ესხმიან ოდნავ განსხვავებული აზრის გამო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.