აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის დროს უკრაინა უცნაური ფულის ორმო იყო, – განაცხადა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა USA Today-თვის მიცემულ ინტერვიუში.
მისივე თქმით, ზელენსკი ჩადიოდა ვაშინგტონში და ყოველ ჯერზე მილიარდობით დოლარი მიჰქონდა, ყოველგვარი რეალური მიზნის გარეშე.
„უკრაინა ჰგავდა უცნაური ფულის ორმოს, სადაც ვყრიდით ფულს, რომ პრობლემა გადაჭრილიყო, მაგრამ არანაირი რეალური გეგმა არ გვქონდა. ზელენსკი ჩამოდიოდა ვაშინგტონში და ყოველ ჯერზე მილიარდობით დოლარი მიჰქონდა, ყოველგვარი რეალური მიზნის გარეშე“, – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ინტერვიუს დროს 28 თებერვალს ოვალურ ოფისში უკრაინის პრეზიდენტთან მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირებაც გაიხსენა. „მსურდა თუ არა, რომ ოვალურ ოფისში საჯარო სკანდალი მომხდარიყო? არა“, – აღნიშნა ვენსმა და დასძინა: „ვფიქრობ, ამერიკელი ხალხისთვის ამის ხილვა სასარგებლო იყო“.
ვენსმა განაცხადა, რომ სინამდვილეში ის შეშფოთებულია არა იმდენად უკრაინის ლიდერის, არამედ ბაიდენის ადმინისტრაციის გამო, რომელმაც უკრაინას 128 მილიარდი დოლარი გამოუყო.
„რაც ნამდვილად მაწუხებდა ამ ურთიერთობებში იყო არა იმდენად უკრაინელები, არამედ ამერიკული მხარე, განსაკუთრებით ჯო ბაიდენის „დემოკრატიული“ ადმინისტრაცია“, – დასძინა მან.