რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სახელმწიფო მეთაურთა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ორგანიზაციის განვითარების „შთამბეჭდავ ტემპსა“ და უკრაინის კრიზისის მოგვარების პერსპექტივებზე ისაუბრა.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კონფლიქტი არ წარმოიშვა „თავდასხმის“ შედეგად, არამედ სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ.
„შეგახსენებთ, რომ ეს კრიზისი რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შედეგად არ შექმნილა. ის წარმოიშვა უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, რომელიც პროვოცირებული და მხარდაჭერილი იყო დასავლეთის მიერ. ამას მოჰყვა შეიარაღებული მცდელობები უკრაინის რეგიონებისა და იმ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობის ჩასახშობად, რომლებმაც არ მიიღეს ეს სახელმწიფო გადატრიალება“, – განაცხადა პუტინმა.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მეთაურთა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პუტინმა „კრიზისის მეორე მიზეზად“ დაასახელა დასავლეთის მცდელობები, უკრაინა ნატო-ში შეეყვანათ, რაც, მისი თქმით, „რუსეთის უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხეა“.
„კრიზისის მეორე მიზეზი დასავლეთის მუდმივი მცდელობებია, უკრაინა ნატო-ში ჩაითრიოს, რაც, როგორც ჩვენ არაერთხელ გავუსვით ხაზი და ვთქვით, პირდაპირ საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, რუსეთი იცავს იმ მიდგომას, რომ ვერცერთი ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს თავის უსაფრთხოებას სხვის ხარჯზე. მისივე განცხადებით, გრძელვადიანი მშვიდობისთვის კონფლიქტის ძირითადი მიზეზები უნდა აღმოიფხვრას.
„რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარება იყოს მდგრადი და გრძელვადიანი, უნდა აღმოიფხვრას კრიზისის ძირითადი მიზეზები და უსაფრთხოების სფეროში სამართლიანი ბალანსი აღდგეს“, – განაცხადა პუტინმა.
ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი ძალიან აფასებს ჩინეთის, ინდოეთის და სხვა პარტნიორების ძალისხმევას კრიზისის მოგვარების საკითხში.
„ჩვენ ვაფასებთ ჩინეთის, ინდოეთისა და ჩვენი სხვა სტრატეგიული პარტნიორების ძალისხმევასა და წინადადებებს უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად. იმედი მაქვს, რომ რუსეთ-აშშ-ის ბოლო სამიტზე ალასკაში მიღწეული ურთიერთგაგება იმავე მიმართულებით მიდის. იმედი მაქვს, რომ ეს უკრაინაში მშვიდობას გზას გაუხსნის. დღეს და ხვალ ჩვენს ორმხრივ შეხვედრებზე ჩემს კოლეგებს უფრო დეტალურად გავაცნობებ ალასკაში გამართული მოლაპარაკებების შედეგებს“, – განაცხადა პუტინმა.