საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2025 წლის აგვისტოში, სხვადასხვა სექტორში, ცხრა მოვაჭრე დაჯარიმდა, ჯამში – 71 625 ლარამდე.
კონკურენციის სააგენტოს ცნობით, საკითხი ეხება „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტებს, რომლის საფუძველზეც, GCCA-ის გადაწყვეტილებების შესაბამისად, მოვაჭრეებს ევალებოდათ, თავისი სავაჭრო პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
„მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ შესრულდა. შესაბამისად, GCCA-ის მიერ დაჯარიმდა: შპს „აიფონ ჯორჯია“ – 30 774 ლარით; შპს „მოტიფი“ – 33 927 ლარით; ფ/პ მზია გორდულაძე – 600 ლარით; შპს „ლეკი“ – 2722 ლარით; ი/მ გიორგი ზაქარაძე – 600 ლარით; ფ/პ რევაზ კალაძე – 600 ლარით; ფ/პ ზურაბ ნამგალაძე – 1200 ლარით; ფ/პ ალექსანდრე ბარამიძე – 600 ლარით; შპს „კლინიკა ჰელსი და კომპანია“ – 600 ლარით“, – ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში.
ამასთან, GCCA-ის განმარტებით, ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ასევე, დაჯარიმების პროცედურას უწყება მას შემდეგ იწყებს, რაც დარღვევის დადასტურების შემდეგ, კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გაცემულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.
კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, GCCA-ის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. ამასთანავე, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.
მათივე ცნობით, GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2025 წელს 49 მოვაჭრე დაჯარიმდა, ჯამში – 105 000 ლარამდე.