უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იქნება ის ადამიანი, რომელსაც აქვს გამოცდილება პოლიტიკური, მენეჯერული, რაც მთავარია სახელმწიფოებრივი ხედვა. სახელმწიფო მიიღებს ძალიან სწორ კადრს ამ უმნიშვნელოვანეს პოსტზე, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის წარდგენასთან დაკავშირებით.
მან გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა ანრი ოხანაშვილს, რომლისთვისაც უფლებამოსილების შეწყვეტას კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
„მადლობა ანრი ოხანაშვილს, რომელმაც არაერთ პოსტზე და მათ შორის ბოლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე თავი გამოიჩინა, როგორც ქართველმა ადამიანმა, პროფესიონალმა და ა.შ. დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდგომაც იგივე შემართებით გააგრძელებს. რაც შეეხება მამუკა მდინარაძეს, აქ საქმე გვაქვს პროფესიონალ ადამიანთან, ქართველ ადამიანთან, მენტალურად ქართველ ადამიანთან. უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იქნება ის ადამიანი, რომელსაც აქვს გამოცდილება პოლიტიკური, მენეჯერული, რაც მთავარია სახელმწიფოებრივი ხედვა. სახელმწიფო მიიღებს ძალიან სწორ კადრს ამ უმნიშვნელოვანეს პოსტზე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტმა ანრი ოხანაშვილისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე შეცვლის.