როგორც საკანონმდებლო ბაზა, ისე მისი შესრულება უნდა იყოს იმ დონეზე, რომ არანაირი მცირე ცდუნებებიც არ დარჩეს კორუფციისთვის. ამ მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანრი ოხანაშვილის ხელმძღვანელობით ძალიან აქტიური იყო და, რა თქმა უნდა, ახალი ხელმძღვანელიც ამას გააგრძელებს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში.
მისივე თქმით, ამასთან, მამუკა მდინარაძემ კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს სამართალდამცავი უწყებების რგოლი, რომელიც ქვეყანას შიდა და გარე საფრთხეებისგან იცავს.
“შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს უდიდესი მნიშვნელობა არა მხოლოდ უსაფრთხოების ვიწრო გაგებით, არამედ, მათ შორის, კორუფციული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ. ჩვენ დავპირდით ჩვენს ამომრჩეველს შარშან, საპარლამენტო არჩევნების წინ, რომ საქართველო, რომელიც დღეს არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა კორუფციის დაბალი მაჩვენებლებით – იცით, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრ 6 ქვეყანას და ნატოს წევრ 9 ქვეყანას ვუსწრებთ ამ მხრივ და ვართ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის, – ჩვენ ვთქვით, რომ გვინდა, ვიყოთ საუკეთესო სამეულში კორუფციის სიმცირით. ამიტომ, ამ მხრივ, ბევრი საკითხია როგორც რეგულაციების, ისე მათი შესრულების მხრივ. როგორც საკანონმდებლო ბაზა, ისე მისი შესრულება უნდა იყოს იმ დონეზე, რომ არანაირი მცირე ცდუნებებიც არ დარჩეს კორუფციისთვის. ამ მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანრი ოხანაშვილის ხელმძღვანელობით ძალიან აქტიური იყო და, რა თქმა უნდა, ახალი ხელმძღვანელიც ამას გააგრძელებს.
გარდა ამისა, ვაკვირდებით რა ხდება ჩვენს გარშემო. ის, რომ ჩვენი უსაფრთხოების სისტემა კარგადაა აწყობილი, დამტკიცდა პრაქტიკაში იმით, რომ უსაფრთხოების არცერთი რისკი, რომელიც საქართველოს ჰქონდა, არ რეალიზდა. ჩვენს გარშემო არსებული კონფლიქტების ფონზე, საქართველოში რამე ასეთი სერიოზული რისკი არ განხორციელებულა. მათ შორის, ტერორიზმის არარსებობის მხრივ, საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე და აშშ-ის ანგარიშებში ხშირად ესეც არის აღნიშნული.
ამიტომ, ვფიქრობ, მამუკა მდინარაძეს ამ მხრივ ექნება კარგი შესაძლებლობა, რომ ის რგოლი სამართალდამცავი უწყებებისა, რომელიც ჩვენს ქვეყანას გარე და შიდა საფრთხეებისგან იცავს და ფარადაა აღმართული, [კიდევ უფრო] გააძლიეროს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.