ცვლილება იმიტომ გახდა საჭირო, რომ ბატონმა ანრი ოხანაშვილმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გადაწყვიტა თანამდებობის დატოვება. მან ამასთან დაკავშირებით თავად გააკეთა განცხადება და განმარტა კიდევაც და ჩემი მხრიდან არაკორექტული იქნება მისი განცხადება და განმარტებები კიდევ ერთხელ განვმარტო, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განმარტა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელად მთავრობამ წარადგინა მამუკა მდინარაძე – ადამიანი, რომელიც როგორც პროფესიული ცოდნითა და კვალიფიკაციით, ისე პოლიტიკური ალღოთი, შეძლებს ამ ტვირთის აწევას.
„წარმოშობილი ვაკანსიის პირობებში, მნიშვნელოვანი იყო შერჩეულიყო ისეთი ადამიანი, რომელიც იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ქვეყანას, რეგიონს, მსოფლიოს უსაფრთხოების მიმართულებით აქვს, ამ ფუნქციას საუკეთესოდ შეასრულებდა და იცით, რომ მთავრობა წარმოადგენს ბატონი მამუკა მდინარაძის კანდიდატურას.
რა თქმა უნდა, ის დიდი დანაკლისი იქნება პარლამენტისა და უმრავლესობისთვის. ყველამ, მტერმაც და მოყვარემაც იცის, თუ რა ფასი ჰქონდა მამუკა მდინარაძეს პარლამენტში, მისი მნიშვნელობა საპარლამენტო უმრავლესობისათვის, საპარლამენტო საქმიანობისთვის, ის ცოდნა-გამოცდილება, მათ შორის საპარლამენტო საქმიანობის, რომელიც მას აქვს, როგორც გუნდისთვის, ისე პარლამენტისთვის მნიშვნელოვანი იყო. თუმცა, ის გამოწვევები, რომელიც ქვეყანას და რეგიონს აქვს, უსაფრთხოების მიმართულებით, საჭირო იყო, რომ აქ იყოს ადამიანი, რომელიც როგორც პროფესიული ცოდნითა და კვალიფიკაციით, ისე პოლიტიკური ალღოთი, შეძლებდა ამ ტვირთის აწევას“, – განაცხად შალვა პაპუაშვილმა.