თუკი ვინმეს უნდა, რომ ჩვენი საკითხი განიხილონ, კეთილი ინებოს და და ჩვენი პოზიციაც მოისმინოს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში.
როგორც მან აღნიშნა, მენტორობას საქართველოზე ცდილობდა ბევრი და სულ ცოტა ხნის წინ ასეთი იყო საბჭოთა კავშირი. მისი თქმით, ევროკავშირში ზოგიერთს ეშლება ეს ერთმანეთში, განსაკუთრებით საბჭოთა გამოცდილების ქვეყნებს.
,,თუკი ვინმეს უნდა, რომ ჩვენი საკითხი განიხილოს, კეთილი ინებოს და ჩვენც გვითხრას, მონაწილეობა მიგვაღებინოს და ჩვენი პოზიციაც მოისმინოს. არავინ არის ჩვენი მენტორი და ჩვენ არ ვართ ვინმეს შეგირდი, რომ ჩვენი საკითხი განიხილონ ჩვენს გარეშე „მენტორების“ წრეში.
ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს და არა მენტორებს. მენტორობას ჩვენზე ცდილობდა ბევრი და სულ ცოტა ხნის წინ საბჭოთა კავშირი იყო, ვინც გვემენტორებოდა, არ გვინდა ჩვენ საბჭოთა კავშირი, ჩვენ გვჭირდება პარტნიორები. ვხედავთ, რომ ევროკავშირში ზოგიერთს ეშლება ეს ერთმანეთში, განსაკუთრებით საბჭოთა გამოცდილების ქვეყნებს, თავად ვინც მენტორობის მსხვერპლები იყვნენ, დღეს ცდილობენ ქართველ ხალხს ჭკუა გვასწავლონ. რატომ ფიქრობს რომელიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომ საქართველოს უნდა აუხსნან რა არის დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო და კანონის უზენაესობა, არ ვიცი. ან, თუნდაც, რატომ ფიქრობს რომელიმე ქვეყანა, რომ მეტი ეთქმის დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე, ან კორუფციასთან ბრძოლაზე, ვიდრე საქართველოს. შეხედეთ რეიტინგებს და აღმოჩნდება, რომ ვუსწრებთ ევროკავშირის წევრ იმ ქვეყნებს, რომლებიც ჭკუას გვასწავლიან, ქართველი ხალხი ამას თავისი ისტორიული მეხსიერებიდან გამომდინარე ნეგატიურად იღებს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.