რუმინეთს სურს, ევროკავშირის შავი ზღვის უსაფრთხოების ცენტრი საკუთარ ტერიტორიაზე განათავსოს. ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შემდეგ ორმხრივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნიკუშორ დანის ინიციატივით, საზღვაო უსაფრთხოების ცენტრი შეიძლება, განთავსდეს კონსტანცაში.
„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ევროკავშირმა რუმინეთის ინიციატივით მიიღო შავი ზღვის სტრატეგია, რომლის რაც შეიძლება მალე განხორციელების იმედი გვაქვს. ამ სტრატეგიის ფარგლებში გვსურს, რომ მასში ნახსენები ევროპული უსაფრთხოების ცენტრი განთავსდეს კონსტანცაში“, – განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.
სიტყვით გამოსვლისას დანმა ისაუბრა შავი ზღვის მნიშვნელობაზე ევროპის უსაფრთხოებისთვის.
„ჩვენი ქვეყანა აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარეობს, რუსეთთან ყველაზე ახლოს მდებარე ევროპის ნაწილია. აქ ჩვენ დამატებითი გამოწვევების წინაშე ვართ. ჩვენ ასევე შავი ზღვის ქვეყანა ვართ, რომელიც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი რუმინეთისთვის და ევროპისთვის. ის მნიშვნელოვანია, რადგან 2027 წლიდან რუმინეთი გაზის მოპოვებას დაიწყებს და ეს ხელს შეუწყობს როგორც რუმინეთის, ისე ევროპის ენერგოუსაფრთხოებას. ის ასევე არის მნიშვნელოვანი, რადგან არის კომუნიკაციის ყველაზე მარტივი და პირდაპირი გზა ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის, როგორც კი ის უსაფრთხო გახდება“, – აღნიშნა ნიკუშორ დანმა.
ცნობისთვის, ევროკავშირმა შავი ზღვის უსაფრთხოების ცენტრის შექმნის ინიციატივა მაისში წარადგინა.