ეს დასკვნა არის ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზი და ამიტომ, პირველი ვინც ამისგან სარგებელს მიიღებს, მიიღებს ქართველი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რითაც უპასუხა კითხვას – „საგამოძიებო კომისიის დასკვნაში საუბარია 2008 წლის ომში ქართული მხარის პასუხისმგებლობაზე, ფიქრობთ თუ არა, რომ ამ დასკვნის მხარდაჭერა, იქნება კრემლისთვის სასარგებლო საქმის გაკეთება?“.
„ყველა საკითხთან დაკავშირებით ეს დასკვნა ამბობს სიმართლეს, რომელიც შეეხება როგორც იმ სისტემას, რომელიც შექმნილი იყო, ასევე იმ ღალატს, რომელსაც უცხო ქვეყნიდან დასმული და მართული სახელმწიფოს მმართველობა ქვეყნის წინაშე ჩადიოდა, მათ შორის 2008 წლის ომთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მან.
კითხვაზე – სად არის ქართული მხარის დანაშაული 2008 წლის ომში – პაპუაშვილმა ასე უპასუხა:
„მარტივი ანალიზი არის საჭირო იმისთვის, რომ მიხვდე – იგივე ძალა – სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში 2022 წელს საქართველო დღეს ომში კი არ იქნებოდა, უკვე დიდი ხანია დანგრეული, ომგამოვლილი ქვეყანა იქნებოდა და არ ვიცი რამდენად იქნებოდა საერთოდ სახელმწიფო. ეს ხალხი გარანტირებულად შეიყვანა საქართველოს ომში და შეჰყავდათ კიდევაც; შეგახსენებთ, აქ პარლამენტის წინ იდგნენ და ითხოვდნენ მოხალისეების გაგზავნას ფრონტზე, სანქციების დაწესებას და ასე შემდეგ. 2008 წელს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო არა ნაციონალური მოძრაობის გარედან მართული მარიონეტული რეჟიმი, არამედ ყოფილიყო ქართული ოცნების მსგავსი პატრიოტული ხელისუფლება, ომი არ იქნებოდა. არ მივიდოდა ამ საკითხამდე, როგორც არ მივიდა 2022 წელს. რაც შეეხება ვინ რა დაიწყო – ეს დღეები ძალიან კარგად გვახსოვს, ძალიან კარგად ვიცით, ჩვენ როგორც მოქალაქეებმა, რას გვეუბნებოდა 2008 წლის 8 აგვისტოს ღამეს, გამთენიას მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი, რომ სამშვიდობო ძალები ამ ყველაფერში არ ერთვებიან, რომ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა მიდის. საომარი მდგომარეობს გამოცხადებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ბრძანებაზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული პარლამენტის მიერ 2008 წლის 8 აგვისტოს. თავად მიხეილ სააკაშვილის დავალებით მისმა წარმომადგენლებმა სტრასბურგში ევროსაბჭოს რეზოლუციას მისცეს ხმა და დაუჭირეს მხარი, სადაც ზუსტად არის ასახული, როგორ იყო დაწყებული ახალი ეტაპი იმ ომში, რომელიც დიდი ხანია გრძელდება და ვინ გაისროლა მასშტაბურად მაშინ. ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არც არასდროს ყოფილა, დაახლოებით 2017-18 წლამდე ამაზე ამაზე თავადაც საუბრობდნენ, მათ შორის ის გენერლები, რომლებიც იყვნენ ჩართული და რომლებიც შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წევრები გახდნენ. დღეს რომ ოპოზიცია თავს იგიჟებს, ისინი თავად საუბრობდნენ, რომ სააკაშვილის რეჟიმმა ქვეყნის ღალატით დაიწყონ ის ახალი ეტაპი სამხედრო დაპირისპირებისა, რომელიც მასშტაბურ ომში გადაიზარდა. რამდენიმე წლის წინ რატომაც გადაწყვიტეს შემოეტრიალებინათ საკითხი და თითქოს რაღაც სიახლეა ამ ყველაფერში. 2008 წელს სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა დანაშაული ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ზუსტად იმავეს გააკეთებდნენ 2022 წელს, ზუსტად ისევე შევიდოდით ომში და მერე გერკვიათ ვინ გაისროლა პირველმა, ვინ მეორემ, მაგრამ ფაქტი ხომ ეს არის, რომ აღმოჩნდებოდა საქართველო ისეთივე დანგრეული როგორც 2008 წელს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.