აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ კარიბის ზღვაში ვენესუელიდან მომავალ ხომალდზე დარტყმის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ხომალდით ნარკოტიკის უკანონო ტრანსპორტირება ხდებოდა. ეს პირველი მსგავსი ოპერაციაა მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ კარიბის ზღვის აუზის სამხრეთ ნაწილში სამხედრო გემები განათავსა.
„დარტყმა მაშინ განხორციელდა, როდესაც ტერორისტები ზღვაში, საერთაშორისო წყლებში იმყოფებოდნენ და უკანონო ნარკოტიკები გადაჰქონდათ შეერთებული შტატებისკენ. დარტყმის შედეგად 11 ტერორისტია მოკლული. ამ დარტყმის შედეგად აშშ-ის არცერთი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა. გთხოვთ, ეს იყოს გაფრთხილება ყველასთვის, ვინც ამერიკის შეერთებულ შტატებში ნარკოტიკების შემოტანაზე ფიქრობს. ფრთხილად იყავით! გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!“ – წერს დონალდ ტრამპი.
თავის მხრივ, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ დასრულდა ის დრო, როდესაც ნარკოკარტელები დაუსჯელად მოქმედებდნენ.
„პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს იყო ლეტალური დარტყმა. ვფიქრობ, პენტაგონი უფრო მეტ დეტალს გაასაჯაროებს მომავალ საათებში. ეს იყო გემი, რომელსაც ნარკოტიკი გადაჰქონდა. პრეზიდენტი აპირებს ბრძოლას ნარკოკარტელებისა და ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებში, რომლებიც ახდენენ არა მხოლოდ ამ ქვეყნის, არამედ მთელი კარიბის ზღვის აუზის დესტაბილიზაციას. სავარაუდოდ, ამ ნარკოტიკის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა ტრინიდადში ან კარიბის რომელიმე სხვა ქვეყანაში, რაც უფრო მეტად უწყობს ხელს ამ ქვეყნებში არსებულ არასტაბილურობას. პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ის გამოიყენებს ამერიკის სრულ სიძლიერეს ამ ნარკოკარტელების წინააღმდეგ საბრძოლველად და მათ აღმოსაფხვრელად, განურჩევლად იმისა, სად მოქმედებენ ისინი და წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც ისინი უდანაშაულოდ მოქმედებდნენ“, – თქვა რუბიომ მედიასთან.