ბიძინა ივანიშვილი ”თავისუფალი დემოკრატების” წევრ შალვა შავგულიძეს აკრიტიკებს. როგორც ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა ”ინტერვიუში” განაცხადა, მისთვის ”მურუსიძის ქცევაზე სამარცხვინო შალვა შავგულიძის განცხადება იყო, რომელმაც გიგი უგულავა პოლიტპატიმრად შეაფასა”.
”მურუსიძის ქცევაზე მეტი სამარცხვინო ჩემთვის იყო ის, რომ შავგულიძემ, რომელიც გირგვლიანის ადვოკატი იყო, იკადრა და პოლიტპატიმრად დაასახელა უგულავა. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილიც რომ პატიმარი ყოფილიყო, მასაც პოლიტპატიმრად მოიხსენიებდა… ჩემთვის აუხსენელი იყო, რომ კაცმა, რომელმაც გირგვლიანის ადვოკატი იყო, პოლიტპატიმრებად დაასახელა ის პირები, ვინც უბედურება დაატრიალეს ქვეყანაში – გირგვლიანს რა გაუკეთეს. ჩემთვის ეს დიდი სირცხვილია”, – განაცხადა ივანიშვილმა.
რაც შეეხება სასამართლო სისტემაში მოსამართლე ლევან მურუსიძის დატოვებასთან დაკავშირებით არსებულ უკმაყოფილებას, ყოფილი პრემიერის თქმით, ”ქართული ოცნების” ხელისუფლებას მოსამართლეების შეცვლა არ შეეძლო.
”ეჭვი ნებისმიერ მოსამართლეზე შეიძლება გამოთქვა – ადეიშვილის სისტემა შევინარჩუნეთ და მას მივეცით საშუალება თვითგადარჩენის და თვითგაწმენდის…
მთელი სასამართლო იყო ტყვე. მოსამართლეების შეცვლა ჩვენ არ შეგვეძლო, არ გვქონდა სხვა გზა და ვფიქრობ, ერთადერთი სწორი გზა ავირჩიეთ, რომ ჩვენ არ ჩავერიეთ და თვითონ სასამარლო იბრძვის, რომ თავის თავი გადაირჩინოს”, – აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.