მილანის მერმა, ჯუზეპე სალამ ცნობილი იტალიელი დიზაინერის, ჯორჯო არმანის გარდაცვალების გამო ქალაქში გლოვა გამოაცხადა. როგორც ადგილობრივი გამოცემა Il Giornale-ი იუწყება, გლოვის დღედ 8 სექტემბერი გამოცხადდა.
ჯუზეპე სალამ არმანი იტალიური მოდის ერთ-ერთ უდიდეს წარმომადგენლად მოიხსენია. მან აღნიშნა, რომ დიზაინერი იყო ნიჭიერი ადამიანი უამრავი ინტერესით, რომელსაც შეეძლო თავისი შემოქმედება „საკუთარი პიროვნების მკაცრი და ელეგანტური სტილით“ გაეჟღენთა.
„მილანს მისი შემოქმედებითი ხედვა, აქტიური მონაწილეობა და ჩვენი ქალაქის ცხოვრების მხარდაჭერა მოაკლდება“, – განაცხადა მერმა.
Giorgio Armani S.p.A.-ის დამფუძნებელი, ჯორჯო არმანი 4 სექტემბერს, 91 წლის ასაკში, გარდაიცვალა. გამოსამშვიდობებელი ცერემონია 6 და 7 სექტემბერს მილანში გაიმართება, თუმცა, გარდაცვლილის სურვილის თანახმად, დაკრძალვა საჯარო არ იქნება.
ჯორჯო არმანიმ საკუთარი ბრენდი 1975 წელს დააარსა. იმავე წელს წარადგინა მამაკაცის ტანსაცმლის პირველი კოლექცია, რის შემდეგაც მალევე გაჩნდა ქალის ტანსაცმლის ხაზი. მოგვიანებით კი ბრენდმა პარფიუმერიის, კოსმეტიკისა და სხვა პროდუქტების გამოშვებაც დაიწყო.
მსოფლიოს მასშტაბით კომპანიას 500-ზე მეტი მაღაზია აქვს. ბიზნესი ასევე მოიცავს ორ სასტუმროს (მილანსა და დუბაიში) და 26 რესტორანს.
Forbes-ის შეფასებით, დიზაინერის ქონება 12 მილიარდ დოლარს შეადგენდა. არმანი თავად ხელმძღვანელობდა კომპანიას და მისი ერთადერთი მფლობელი იყო.