ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების წინ, რომელიც 14 სექტემბერს გაიმართება, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის 16 კანდიდატი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild-ი ადგილობრივი საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელზე, მონიკა ვისმანზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, გარდაცვლილთა შორის არიან პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) შვიდი წევრი, ხოლო დანარჩენები წარმოადგენდნენ გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD), თავისუფალ დემოკრატიულ პარტიას (FDP), „მწვანეებსა“ და რამდენიმე მცირე პოლიტიკურ ძალას.
გარდაცვალების შემთხვევების უეცარმა ტალღამ თავდაპირველად ჭორები და სპეკულაციები გააჩინა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც AfD-ის კანდიდატების გარდაცვალების შესახებ ცნობები გავრცელდა.
თუმცა, Bild-ის მიერ ადგილობრივ პოლიციასთან ერთად ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ გარდაცვალების ყველა შემთხვევა ბუნებრივი მიზეზებით იყო გამოწვეული.
კაი გოტშალკმა, AfD-ის წარმომადგენელმა ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში, Welt TV-ს განუცხადა, რომ არ არსებობდა არანაირი მინიშნება „მკვლელობაზე ან მსგავს რამეზე“.
მან აღნიშნა, რომ ზოგიერთ გარდაცვლილს „ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა“.