ისრაელის არმია ღაზის მცხოვრებლებს ქალაქის დატოვებისკენ და სამხრეთით გადაადგილებისკენ მოუწოდებს, მიზეზად კი ანკლავის ურბანულ ზონაში გააქტიურებას ასახელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქალაქ ღაზის აღების ბრძანება გასცა, ისრაელის ძალები ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში შეტევებს ახორციელებენ. სამხედროებმა ოპერაციის მხარდასაჭერად ათიათასობით რეზერვისტი გამოიძახეს.
ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზა „ჰამასის“ საყრდენია და მისი აღება „ჰამასის“ დასამარცხებლად აუცილებელია.
როგორც „როიტერი“ წერს, ისრაელის შეტევები ტერიტორიაზე მყოფ ასობით ათას პალესტინელს საფრთხეს უქმნის.
მედიის ცნობით, ქალაქ ღაზის მოსახლეობის უმეტესობა ომის დასაწყისში იძულებით გადაადგილებული იყო, თუმცა მოგვიანებით ისინი ანკლავში დაბრუნდნენ. ზოგიერთი მათგანი ხელახლა გადაადგილებაზე უარს აცხადებს.