ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქ ღაზაში მდებარე მაღალსართულიან შენობას დაარტყეს. ინფორმაციას „თაიმს ოფ ისრაელი“ ავრცელებს.
მანამდე, ისრაელის არმიამ საგანგებო ევაკუაციის ბრძანება გაავრცელა ღაზაში მდებარე აღნიშნული შენობისა და კიდევ ერთი ობიექტის მახლობლად მცხოვრები ადამიანებისთვის.
როგორც ისრაელის მედია წერს, ეს იერიში, რომელიც უკვე მეორეა ბოლო ორ დღეში, იმ ფონზე განხორციელდა, როდესაც ისრაელი ცდილობს, აიძულოს ქალაქ ღაზას მოსახლეობა, დატოვონ ქალაქი და გადავიდნენ ღაზის სამხრეთ ნაწილში, ჰუმანიტარულ ზონებში.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰამასის“ მებრძოლებს მაღალსართულიან შენობაში დამონტაჟებული ჰქონდათ სადაზვერვო ტექნიკა და სადამკვირვებლო პუნქტები, რათა დაეფიქსირებინათ ისრაელის ძალების გადაადგილება. მათ ასევე ჰქონდათ დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობები, რომლებიც ისრაელის სამხედროების წინააღმდეგ უნდა ამოქმედებულიყო.
გარდა ამისა, სამხედროებმა განაცხადეს, რომ ობიექტთან ახლოს „ჰამასს“ ჰქონდა მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა, რომელიც ტერორისტული აქტივობების კოორდინაციისთვის გამოიყენებოდა.
თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ინგრევა დაახლოებით 15-სართულიანი შენობა მტვრისა და კვამლის ღრუბელში.
ამავდროულად, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ღაზის სექტორში იუწყებიან, რომ 6 სექტემბრის დილიდან ისრაელის თავდასხმებს, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 13 ქალაქ ღაზაში.
„ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კიდევ ექვსი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაიღუპა კვების ნაკლებობის გამო.
ცნობისთვის, 6 სექტემბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქ ღაზის მოსახლეობას მოუწოდეს, გადავიდნენ ანკლავის სამხრეთში, ახალ „ჰუმანიტარულ ზონაში“, რომელიც ხან იუნისის ალ-მავასის რაიონში მდებარეობს, რადგანაც ისრაელის არმიის სამხედრო ოპერაცია ქალაქზე სრული კონტროლის დასამყარებლად ფართოვდება.