შეერთებული შტატები მზად არის ევროპელ პარტნიორებთან ერთად რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს და დამატებითი სანქციები დააწესოს, რათა რუსეთის ეკონომიკა სრულ კოლაფსამდე მიიყვანოს – ამ შინაარსის განცხადება შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა, რუსეთის მიერ უკრაინაში გასულ ღამეს მიტანილი, განსაკუთრებით მასშტაბური თავდასხმის შემდეგ გააკეთა.
„ჩვენ მზად ვართ რუსეთის მიმართ ზეწოლა გავაძლიეროთ, მაგრამ საჭიროა, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც გამოგვყვნენ. დამატებით მეორადი სანქციები და ტარიფები უნდა დაწესდეს იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ. ეს რუსეთის ეკონომიკას სრული კოლაფსის წინაშე დააყენებს და პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას აიძულებს“, – მიაჩნია ბესენტს.
7 სექტემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რა დროსაც 800-ზე მეტი დრონი და 13 რაკეტა გამოიყენა. კიევში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და მთავრობის შენობა. დედაქალაქში იერიშს 3 ადამიანი, მათ შორის ქალი და მისი 2 თვის შვილი ემსხვერპლა.