კრემლი ტრამპის მიერ რუსეთისთვის სანქციების მეორე ფაზის დაწესების შესახებ გამოთქმულ მზადყოფნას გამოეხმაურა. პუტინის პრესმდივანი აცხადებს, რომ სანქციებს არ ჰქონია არანაირი ეფექტი და რუსეთი თანმიმდევრულად მიდის დასახული მიზნების მიღწევისკენ.
„სანქციები – ეს არის დღის წესრიგი, რომელსაც სათავეში უდგანან კიევის რეჟიმი და ევროპული ქვეყნები. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ვაშინგტონი ჩართონ საკუთარ ორბიტაში და თავს მოახვიონ ეს სანქციები“, – ასე უპასუხა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტ ალექსანდრ იუნაშევის კითხვას, თუ როგორ აფასებს მოსკოვი ტრამპის მუქარას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ.
„ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ შემოღებულ უპრეცედენტო რაოდენობის სანქციებს არ ჰქონიათ არანაირი ეფექტი. ისინი სრულიად უსარგებლო აღმოჩნდა რუსეთზე ზეწოლის თვალსაზრისით. რუსეთი თანმიმდევრულად მიდის იმ მიზნების მიღწევის გზაზე, რომლებიც დასახული იყო“, – თქვა პესკოვმა.
მისივე თქმით, მოსკოვი მიზნების მიღწევას პოლიტიკური და დიპლომატიური მეთოდებით ამჯობინებს, მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, რუსეთი გააგრძელებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეორე ფაზა შემოიღოს. ამასთან, როგორც ცნობილია, ამ კვირაში ევროკავშირის წარმომადგენლები ვაშინგტონში გაემგზავრებიან, რათა სანქციების ახალი პაკეტი ამერიკელ პარტნიორებთან შეათანხმონ.