უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება წევრ სახელმწიფოებს, პირდაპირ თუ ირიბად ომში ჩაითრევს. ვიქტორ ორბანი ასევე განმარტავს, რომ უსაფრთხოების გარანტიები, რომლებზეც ევროპელი ლიდერები საუბრობენ, რეალურად უკრაინის დანაწევრებას ნიშნავს.
„ომის დასაწყისში ამერიკელებმა ღიად გამოაცხადეს, რომ რუსეთში ახალი პოლიტიკური რეჟიმის შექმნა სურდათ. ამის შედეგად აღმოვჩნდით დღევანდელ ვითარებაში, სადაც ევროკავშირი ომს აფინანსებს, რუსეთიც ომს აფინანსებს და დაფინანსების რბოლა გვაქვს, რომელსაც ვაგებთ. დღეს ევროპელები უსაფრთხოების გარანტიებზე ელეგანტურად საუბრობენ, თუმცა უსაფრთხოების გარანტიები უკრაინის დანაწევრებას ნიშნავს. დასავლეთმა უკვე აღიარა რუსული ზონის არსებობა. ახლა დებატები მხოლოდ იმაზეა, თუ რამდენ ოლქზეა საუბარი ყირიმის გარდა – ოთხზე, ხუთზე თუ ექვსზე. უკრაინის დანაწევრების შედეგად მივიღებთ რუსულ ზონას, დემილიტარიზებულ ზონას და დასავლურ ზონას. ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება პირდაპირ ნიშნავს ჩვენს ომში ჩათრევას. ევროპელები ვაშინგტონში კი არ უნდა დადიოდნენ ხელის ჩამოსართმევად, არამედ მოსკოვში უნდა წავიდნენ და ევროკავშირი-რუსეთის უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმონ, რომელშიც ნათქვამი იქნება, რომ უკრაინა ნატოს ან ევროკავშირის წევრი არ გახდება“, – განაცხადა ორბანმა.
პრემიერის თქმით, დასავლეთს უკვე მიღებული აქვს ის რეალობა რომ უკრაინაში რუსული გავლენის ზონა იარსებებს. ორბანმა ბრიუსელის პოლიტიკაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ თუკი უნგრეთი ევროკავშირის მატარებელში ჩაებმება, ის ქაოსსა და სიღარიბეში აღმოჩნდება.