ოპოზიციამ პატივი უნდა სცეს კანონის უზენაესობას, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„თურქეთში არავინ დგას კანონზე მაღლა. სასამართლო გადაწყვეტილებების კრიტიკა ერთი რამაა, ხოლო მათი იგნორირება – სულ სხვა. სასამართლო გადაწყვეტილებების არაღიარება კანონის უზენაესობის აშკარა დარღვევაა. ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სტამბოლში, „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ოფისში სკამები და მაგიდები დადგეს, რათა პოლიციისთვის გზა ჩაეკეტათ და ხელი შეეშალათ, რომ ოფისში შესულიყვნენ.
შენობის გარეთ შეკრებილ მომიტინგეებს, პარტიის ლიდერებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებები მოხდა. ოფისის კართან შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა. ამასთან, როგორც „როიტერი“ წერს, ასობით სპეცრაზმელმა აქციის მონაწილეები დააკავა. „როიტერი“ ასევე აღნიშნავს, რომ შენობაში 50-ზე მეტი დეპუტატი იმყოფებოდა.
ცნობისთვის, „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ წინააღმდეგ 3 სექტემბერს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, 2023 წლის პარტიულ ყრილობაზე სავარაუდო დარღვევების გამო პარტიას სტამბოლის რეგიონული ლიდერის გათავისუფლება დაევალა. პარტიაში ყველანაირ ბრალდებას უარყოფენ.