იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთში პოლიტიკური კრიზისი „რაც შეიძლება მალე“ მოგვარდება, რადგან ამან შესაძლოა ევროპაზე იქონიოს გავლენა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde-ი ავრცელებს.
„იმედი მაქვს, [საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ] მაკრონი შეძლებს კრიზისის მოგვარებას, რადგან საფრანგეთში არასტაბილურმა სიტუაციამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ჩვენს ეკონომიკას, იმ დროს, როცა ევროპა ერთიანი უნდა იყოს, რათა უკრაინაში მშვიდობა დაისადგუროს“, – აღნიშნა იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მან ასევე დასძინა, რომ „ევროპამ ასევე უნდა შექმნას მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში და აწარმოოს მოლაპარაკება ამერიკის შეერთებულ შტატებთან საბაჟო გადასახადების თაობაზე“.
„აქედან გამომდინარე, რაც უფრო ძლიერია ევროპა, მით უფრო ერთიანია, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საფრანგეთში სიტუაცია რაც შეიძლება მალე მოგვარდება. თუ ერთი დიდი [ევროპული] ქვეყანა შეირყევა, ყველა დანარჩენი სირთულეების წინაშე აღმოჩნდება“, – განაცხადა მან.
ფრანსუა ბაირუს მთავრობამ საფრანგეთის პარლამენტში ნდობა ვერ მოიპოვა.
ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, ბაირუს მთავრობის წინააღმდეგ 364-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო ნდობა მხოლოდ 194-მა გამოუცხადა.
კენჭისყრის შედეგების შემდეგ, ფრანსუა ბაირუ ვალდებულია, გადადგომის შესახებ განცხადება რესპუბლიკის პრეზიდენტს გადასცეს.
პრეზიდენტმა კი ახალი პრემიერ-მინისტრი უნდა დანიშნოს, რომელიც ახალ მთავრობას დააკომპლექტებს.