აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია დაიცავს ტრადიციულ, მათ შორის ქრისტიანულ ფასეულობებს.
ტრამპის თქმით, ამ მხრივ მალე განათლების დეპარტამენტი განაახლებს რეკომენდაციებს, რომლებიც სკოლებში მოსწავლეების ლოცვის უფლების დაცვას ითვალისწინებს.
ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ „დემოკრატებმა“ სკოლა, სასწავლო დაწესებულების ნაცვლად, კულტურული ომის ფრონტის ხაზად აქციეს, რასაც მისი ადმინისტრაცია ეწინააღმდეგება.
ამერიკის პრეზიდენტმა ბიბლიის მუზეუმში სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი – ქალი და კაცი, ხოლო, რაც შეეხება „ვოუქ“ იდეოლოგიას, ტრამპის თქმით, ის ფაქტობრივად აღმოფხვრილია, თუმცა მასთან ბრძოლის გაგრძელებას თეთრი სახლი კვლავ გეგმავს.
„როგორც პრეზიდენტი ყოველთვის დავიცავ ჩვენი ერის დიდებულ მემკვიდრეობას და დავიცავთ ქრისტიანულ პრინციპებს, რაც ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია. ჩვენ ამას მთელი ძალით დავიცავთ. ჩვენ რელიგია უნდა დავიბრუნოთ ამერიკაში, დავაბრუნოთ ის უფრო ძლიერად, ვიდრე ოდესმე. მე იუსტიციის დეპარტამენტის ისტორიაში პირველად შევქმენი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ანტიქრისტიანულ მიკერძოებას აღმოფხვრის. იმ ადამიანებს, რომლებიც გულუბრყვილოები ან არასაკმარისად ინფორმირებულები არიან, ვეტყვით, რომ უზარმაზარი ანტიქრისტიანული მიკერძოება არსებობს. თქვენ გესმით ანტისემიტიზმის შესახებ, მაგრამ არ გესმით ანტიქრისტიანობის შესახებ. ეს სასწრაფოდ აღმოიფხვრება“, – განაცხადა ტრამპმა.