დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ჯონ ჰილიმ რუსეთის ქმედებები „საშიშად, უგუნურად და უპრეცედენტოდ“ შეაფასა. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News-ი ავრცელებს.
მისი თქმით, მან ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს სთხოვა, რომ განიხილონ პოლონეთის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების გზები.
„გუშინ ღამით პუტინმა ევროპის მიმართ მტრული დამოკიდებულების ახალ დონეს მიაღწია“, – განაცხადა ჰილიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ნატოს აღმოსავლეთ საზღვარზე ვიხილეთ პოლონეთის საჰაერო სივრცის სერიოზული დარღვევა, რის გამოც ვარშავის აეროპორტი დაიხურა და ნატოს მოიერიშეებმა რუსული დრონები ჩამოაგდეს. ეს არის თავდაცვითი ოპერაციის პირველი შემთხვევა მას შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა დაიწყო.“
ჯონ ჰილიმ ვლადიმირ პუტინსაც მიმართა:
პრეზიდენტ პუტინს ვეუბნებით, რომ შენი აგრესია მხოლოდ აძლიერებს ერთობას ნატოს ქვეყნებს შორის. შენი აგრესია მხოლოდ ამტკიცებს ჩვენს გადაწყვეტილებას, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას. და შენი აგრესია გვახსენებს, რომ უსაფრთხო ევროპისთვის ძლიერი უკრაინაა საჭირო და ევროპის უსაფრთხოება სწორედ უკრაინაში იწყება.