ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონარუს სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე 27 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბრიტანული ტელეარხის ცნობით, ბოლსონარუ დამნაშავედ ცნეს იმაში, რომ მან, როცა 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მემარცხენე კანდიდატთან ლუის ინასიუ ლულა და სილვასთან წააგო, ხელისუფლებაში დარჩენა შეთქმულების გზით გადაწყვიტა.
ხუთი მოსამართლიდან ოთხმა ის დამნაშავედ ცნო, ხოლო ერთმა – არა. ბოლსონარუს ადვოკატებმა განაჩენს „აბსურდული და გადაჭარბებული“ უწოდეს და განაცხადეს, რომ მას გაასაჩივრებენ.
სასამართლო კოლეგიამ მას აგრეთვე 2033 წლამდე სახელმწიფო თანამდებობებზე კენჭისყრაში მონაწილეობა აუკრძალა.
ბრაზილიის 70 წლის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც შინაპატიმრობაში იმყოფება, ვერდიქტის გამოტანას არ ესწრებოდა.