ნეპალის დროებით პრემიერ-მინისტრად სავარაუდოდ ყოფილი მთავარი მოსამართლე სუშილა კარკი დაინიშნება.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, დროებითი პრემიერის თანამდებობაზე კარკის კანდიდატურას ქვეყნის პრეზიდენტმა, რამჩანდრა პაუდელმა და არმიის მეთაურმა აშოკ რაჯ სიგდელმა დაუჭირეს მხარი.
გამოცემა წერს, რომ მასშტაბური საპროტესტო აქციებისა და დემონსტრაციების შემდეგ, ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება. პარასკევს დილიდან აღდგა ტრანსპორტით გადაადგილება და მუშაობა განაახლეს მაღაზიებმა. ამასთან, ჯარისკაცები დედაქალაქის ქუჩებში პატრულირებას განაგრძობენ.
როგორც „როიტერი“ წერს, სოციალური ქსელების აკრძალვისა და კორუფციის წინააღმდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებს ნეპალში სულ 34 ადამიანი ემსხვერპლა, 1 300-ზე მეტი კი დაშავდა. მასშტაბური დემონსტრაციების გამო, ნეპალის პრემიერ-მინისტრი შარმა ოლი გადადგა.