არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დოჰაში „ჰამასის“ ლიდერებზე ისრაელის თავდასხმის გამო ისრაელის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა. ინფორმაციას „როიტერი“ ისრაელის საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაყრდნობით ავრცელებს.
მომხდართან დაკავშირებით არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ამასთან, როგორც მედია წერს, მიმდინარე კვირის ბოლოს და ორშაბათს დოჰაში ისრაელის თავდასხმის განსახილველად საგანგებო არაბულ-ისლამური სამიტი გაიმართება.
თავდასხმის შემდეგ პოზიციების კოორდინაციის მიზნით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი ამ კვირაში სპარსეთის ყურის ქვეყნებს ეწვია, რათა სხვა ლიდერებთან სამოქმედო გეგმები განეხილა.
ცნობისთვის, 9 სექტემბერს ისრაელმა კატარის დედაქალაქ დოჰაში „ჰამასის“ ხელმძღვანელობაზე იერიში მიიტანა. დაჯგუფების ინფორმაციით, თავდასხმას ექვსი ადამიანი, მათ შორის ორგანიზაციის ხუთი წევრი ემსხვერპლა. დოჰა მხარეებს შორის მოლაპარაკებების ადგილი იყო.