მიხეილ სარჯველაძე, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და სამედიცინო დაწესებულების მუშაობის შედეგები მოისმინა.
ჯანდაცვის მინისტრმა, კლინიკის თანამშრომლებს შესრულებული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და განსაკუთრებული ყურადღება რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს შესაძლებლობებზე გაამახვილა.
მისივე განცხადებით, კლინიკა რეგიონის მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანეს სამედიცინო ცენტრს წარმოადგენს, რომელიც მოქალაქეებს ხარისხიან და თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სერვისებს სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალმა არამხოლოდ გააფართოვა საკუთარი შესაძლებლობები, არამედ ჩადო ინვესტიციები, რომლებმაც რეგიონში სამედიცინო მომსახურების ხარისხი სრულად შეცვალა.
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფო უახლესი Signa Hero-ს მოდელის MRI -ის დიაგნოსტიკური აპარატით აღიჭურვა, რომელიც პაციენტებს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლონ მაგნიტო-რეზონანსული ღრმა კვლევებით ადგილზე, რეგიონიდან გაუსვლელად, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჯანდაცვის სერვისების უწყვეტობისა და ხელმისაწვდომობისთვის. კლინიკაში მოქმედებს რეგიონის ყველაზე მძლავრი ქიმიოთერაპიის ცენტრი.
ღონისძიებაზე ასევე აღინიშნა, რომ რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ წარმატებით გაიარა საერთაშორისო აკრედიტაცია, რაც კლინიკაში სერვისების ხარისხისა და უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.
რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, ასევე კომიტეტის სხვა დეპუტატები, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ნატროშვილი,ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი,ადგილობრივი ხელისუფლების წევრები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.