დიპლომატს იმიტომ ჰქვია დიპლომატი, რომ დიპლომატიის ფარგლებში უნდა დარჩნენ, ისინი უნდა იყვნენ ხიდი ხელისუფლებებს შორის და არა მოქმედი პირი და აქტორი შიდა პოლიტიკაში. ამიტომ, სრულად მისასალმებელია პრეზიდენტ მაკრონის დამოკიდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებაზე, რომ „საფრანგეთში აშშ-ის ელჩის, ჩარლზ კუშნერის კრიტიკა საფრანგეთის მიმართ მიუღებელია დიპლომატისთვის“.
„სრულად ვიზიარებ პრეზიდენტ მაკრონის მიდგომას. სწორია, როდესაც სახელმწიფო აკვირდება იმას, რომ ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატები მოქმედებდნენ ვენის კონვენციის ფარგლებში. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან დიპლომატებს აქვთ განსაკუთრებული სტატუსი, მათ კონვენციიდან გამომდინარე აქვთ პრივილეგიები და ამ პრივილეგიის საპირწონედ დგას ის თავშეკავებულობა, რომელიც მათ უნდა გამოიჩინონ შიდა საკითხებში ჩარევისგან თავის შეკავების სახით.
იმისთვის, რომ ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკაზე ისაუბრონ, ამისთვის არსებობენ პოლიტიკოსები, მათივე ქვეყნის ხელმძღვანელობა. თუმცა დიპლომატს იმიტომაც ჰქვია დიპლომატი და ამაზე პრეზიდენტმა მაკრონმაც ისაუბრა, რომ დიპლომატიის ფარგლებში უნდა დარჩნენ, ისინი უნდა იყვნენ ხიდი ხელისუფლებებს შორის და არა მოქმედი პირი და აქტორი შიდა პოლიტიკაში. ამიტომ, სრულად მისასალმებელია პრეზიდენტ მაკრონის ეს დამოკიდებულება. ჩვენ ვხედავთ, სხვადასხვა ქვეყანა, როდესაც თავად ხდება ხოლმე სხვადასხვა ჩარევის ობიექტი, მათ შორის არჩევნებში ჩარევაზეც გახსოვთ საფრანგეთის განცხადება, როდესაც ილონ მასკთან დაკავშირებით ჰქონდათ პრეტენზიები, თავად რომ ხვდებიან, აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია. ამიტომ, იმედს ვიტოვებ, რომ ეს გამოცდილება სხვა თვალით შეახედებს, დააფიქრებს საკუთარ ქმედებებზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, გასულ თვეს კუშნერმა მაკრონი ანტისემიტიზმის წინააღმდეგ არასაკმარისი ზომების მიღებაში დაადანაშაულა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციები დაუკავშირა საფრანგეთში ებრაელების წინააღმდეგ ძალადობის ინციდენტების ზრდას.