ჩვენი ამბიციური გეგმაა, რომ ტოპ 3 ქვეყანაში შევიდეთ მსოფლიოს მასშტაბით კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.
მანვე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება” კორუფციის წინააღმდეგ აქამდეც აქტიურად იბრძოდა, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ საქართველო ამ კუთხით ევროკავშირის 7-8 ქვეყანას უსწრებს.
„რაც ირაკლი კობახიძე გახდა პრემიერ-მინისტრი აბსოლუტურად ყველა სამთავრობო განკარგულება არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. ვინმეს თუ ერთი კითხვის ნიშანი მაინც აქვს, შეუძლია დასვას და მიიღებს პასუხს. შეიქმნა სახელმწიფო ეფექტურობის დეპარტამენტი, რომელიც მუშაობს კორუფციის აღმოფხვრაზე. გაძლიერდა აუდიტის სამსახური და ბატონი გაბიტაშვილის ამ სამსახურის ხელმძღვანელად გადაყვანაც სწორედ ამას ემსახურებოდა. ახლა დაინიცირდა, რომ დაჭერილ ადამიანს 30 წლის განმავლობაში, მასაც და მის ოჯახსაც მოუწევს დეკლარაციის ჩაბარება. მიუხედავად იმისა, რომ პრეტენზიას ვერავისგან მივიღებთ, რომ ჩვენ კორუფციასთან არ ვიბრძოდით, რადგან ევროკავშირის 7 თუ 8 ქვეყანას ვუსწრებთ ჩვენ დღესაც ამ მიმართულებით, მაინც ჩვენი ამბიციური გეგმაა, რომ ტოპ 3 ქვეყანაში შევიდეთ მსოფლიოს მასშტაბით კორუფციასთან ბრძოლის კუთხით“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში საქართველო უკვე შედგა, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული და სამართლებრივი სახელმწიფო და გადაწყვეტილებები საქართველოშივე მიიღება.