ყოფილი ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავაიშვილი ცნობილი იტალიელი მსახიობის კლაუდია კარდინალეს გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“2012 წელს ფონდი იავნანას ორგანიზებით პარიზის ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზ Salle Pleyel ში, პატრიარქის აღსაყდრებიდან 35 წლისთავთან დაკავშირებით, მსოფლიოში მოღვაწე ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობით გრანდიოზული კონცერტი იმართებოდა. ვინმე ცნობილ მსახიობს ვეძებდით, საღამოს რომ გასძღოლოდა. ვინ აღარ მოვიკითხეთ, ალენ დელონი, ჟან დუჟარდენი, პატრისია კაასი, სოფი მაღსო, მაგრამ …
კონცერტის თარიღი ახლოვდებოდა, ჩვენი ვარსკვლავებიც ნელ ნელა გროვდებოდნენ პარიზში. მე სცენაზე მყოფ ფრანგ ხმის რეჟისორს, დარბაზიდან ქართველ მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელთან კომუნიკაციაში ვეხმარებოდი და მიკროფონში ვსაუბრობდი… უცებ, ბატონმა პაატამ იკითხა ეს ვისი ხმააო? – შე კაცო, აბა, რას გვაძებნინებთ ალენ დელონს, აგერ ყოფილხარ რა ხმის პატრონიო. (ვერავინ ნახეს, თორემ ჩემი ხმა რა მოსატანი იყო. თან მე ხომ ჰონორარს არ მოვითხოვდი 🙂 ). ბევრი ვიუარე, მაგრამ შემრჩა წამყვანის როლი. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ დარბაზის წინა რიგებში მოქმედი კულტურის მინისტრი და სხვა მაღალჩინოსნები იყვნენ, ვიცოდი რა, რომ მაშინ მთავარი ოპოზიციონერი ბიძინა ივანიშვილის დიდი ფინანსური წვლილი იყო ამ საღამოს ორგანიზებაში, მისთვის სცენიდან სამადლობელი სიტყვებიც მე ვთქვი.
მე და ბატონ პაატას მიგვყავდა საღამო, ერთად ვიდექით სცენაზე. ქართული ტელევიზიები პირდაპირ ეთერში აშუქებდნენ ამ მოვლენას. სოფელში დედაჩემს გასძახა თურმე მეზობელმა ნანომ, ტელევიზორი ჩართე, პარიზის რაღაც დიდებულ საკონცერტო დარბაზში ჩვენი გოჩა პაატა ბურჭულაძესთან ერთად მღერისო.
საქველმოქმედო კონცერტის ბოლოს, მრავალშვილიანი ოჯახისთვის ბინის გასაღები ვინმე ცნობილ ვარსკვლავს უნდა გადაეცა.
ჰოდა, ბინის გასაღები პატარა ლუკას მრავალშვილიან ოჯახს სიმბოლურად კლაუდია კარდინალემ გადასცა.
იმ კონცერტის წინა დღეს გავიცანი ეს დიდი ქალბატონი და მერე კიდევ ორჯერ შევხვდი. საოცარი იყო მისი სითბო, მისი ჩუმი შარმი, მისი ქალური სიდიადე. თითქოს ეკრანიდან გადმოსული არისტოკრატია იდგა შენს წინაშე, მაგრამ ამავდროულად — უბრალო, ღრმა გულის მქონე ადამიანი.
იმ საღამოს მისი სცენაზე დგომა უბრალო ფორმალობა არ ყოფილა — კლაუდია კარდინალე სიმბოლურად წარმოადგენდა კინოს, ხელოვნებისა და ადამიანობის იმ უდიდეს ხიბლს, რომელსაც თავად ატარებდა.
ახლა გავიგე გარდაცვლილა და დავღონდი. რა დიდებული ხალხი გვტოვებს. მიდის და მიაქვს ამოდენა შარმი და მოგონებები. მასაც მიაქვს და აქაც ბევრს ტოვებს. ნათელი დაადგეს“, – წერს გოჩა ჯავახიშვილი.