ტურიზმის სფეროს უკლებლივ ყველა წარმომადგენელსა და გულშემატკივარს მსოფლიო ტურიზმის დღეს ვულოცავ! მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც მასპინძლობთ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს – საერთაშორისო მოგზაურებს და ხელს უწყობთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარდგენასა და პოპულარიზაციას. თქვენი ძალისხმევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისთვის, – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს მსოფლიო ტურიზმის დღე მიულოცა.
მილოცვაში მინისტრმა განაცხადა, რომ ტურიზმის მხარდაჭერა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებაა. მისი თქმით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია, რომელიც ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებას და ახალი ინვესტიციების მოზიდვას.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, დარგი დივერსიფიცირებულად ვითარდება და აქცენტი კეთდება ისეთ სამიზნე ქვეყნებზე, საიდანაც შესაძლებელია მეტი მსყიდველუნარიანი ვიზიტორის ჩამოყვანა. მინისტრის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ევროპის, სპარსეთის ყურის და აზიის ქვეყნებს- აღნიშნულ რეგიონებში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი მარკეტინგული კამპანიები, სტრატეგიული თანამშრომლობა როგორც საერთაშორისო პლატფორმებთან და ავიახაზებთან, ისე წამყვან მედია საშუალებებთან და ტურისტულ კომპანიებთან.
მინისტრის განცხადებით, შთამბეჭდავია საქართველოს მიღწევები, განსაკუთრებით ტურიზმსა და ავიაციაში – ისტორიული შედეგია, რომ 70-ზე მეტი ავიაკომპანია 120 პირდაპირი მიმართულებით ახდენს ოპერირებას ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მათ შორის, მოწინავეა ევროპის ქვეყნები.
მინისტრის თქმით, სწორედ აქედან გამომდინარეობს ის შედეგი, რომელიც ტურიზმიდან რეკორდული შემოსავალში – 4.4 მლრდ აშშ დოლარში აისახა. “ჩვენი პოლიტიკა სრულად ეფუძნება ტურიზმიდან მიღებული დანახარჯების ზრდას,“ – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება ტურიზმის განვითარების პრიორიტეტებსა და ახალ სამიზნე ნიშნულებზე.
„მჯერა, მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, გავაგრძელებთ ინოვაციური, მომხმარებელზე ორიენტირებული და მდგრადი პოლიტიკის განხორციელებას, რათა ქვეყანამ სრულად გამოიყენოს თავისი პოტენციალი და კიდევ უფრო გაამყაროს ადგილი საერთაშორისო რუკაზე. დარგში მოღვაწე ადამიანების პროფესიონალიზმი დიდად განაპირობებს იმას, რომ საქართველოს, როგორც საინტერესო და მიმზიდველი ტურისტული მიმართულების, პოპულარობა ყოველწლიურად მატულობს. თანმიმდევრული პოლიტიკით და სწორი სამოქმედო გეგმით ჩვენ ტურიზმის განვითარების ახალ ნიშნულებს მივაღწევთ. გისურვებთ წარმატებას თქვენს საქმიანობაში და გისურვებთ კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო მოგზაურს!“ – აღნიშნა მილოცვაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.