„პოსტფაქტუმ „ყველა ხუხაშვილია” (ძველი ანდალუზიური ანდაზა), ამიტომ, ვეცადოთ წინმსწრები პროგნოზი „გამოვაცხოთ”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს და მოლდოვაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს მიმოიხილავს.
მისი თქმით, მოლდოვაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნები ბევრად მეტს ნიშნავს და ეს არის ცივილიზაციური და იდეოლოგიური მიმართულებების ბრძოლა.
„28 სექტემბერს მოლდოვა ირჩევს ახალ პარლამენტს. თითქოს ჩვეულებრივი საარჩევნო ციკლია, მაგრამ, სინამდვილეში, ეს ბევრად მეტს ნიშნავს – ცივილიზაციური და იდეოლოგიური მიმართულებების ბრძოლას. ერთი მხრივ – მაია სანდუს პროევროპული პარტია, „ქმედება და სოლიდარობა“ (PAS), რომელიც უკვე რამდენიმე წელია ცდილობს ქვეყანა ბრიუსელის ორბიტაში შეიყვანოს, მეორე მხრივ – პატრიოტული ბლოკი, რომელიც აერთიანებს სოციალისტებს, კომუნისტებსა და სხვა ძალებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაზე და ნაწილობრივ, მოსკოვზე არიან ორიენტირებულნი.
მოლდოვური საზოგადოება ღრმადაა გაყოფილი და პოლარიზებული. მსხვილი ქალაქები და ევროპაში მცხოვრები დიასპორა მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას, ხოლო სოფლის რეგიონები, გაგაუზიის ავტონომია და დნესტრისპირეთი, რუსეთს ხედავენ, როგორც გაზის მომწოდებელს და ბაზრებისა და ტრადიციული ცხოვრების წესის დამცველს. ეს ბზარი საზოგადოებაში ნებისმიერ ხელისუფლებას სუსტს ხდის, დამოკიდებულს გარე მფარველებზე და არასტაბილურს შიგნით.
დიდი ალბათობით, 2025 წლის არჩევნები სტაბილურობას არ მოიტანს. თუნდაც PAS-მა შეინარჩუნოს უმრავლესობა, ის მყიფე იქნება, ხოლო საპროტესტო განწყობები – გარდაუვალი. პატრიოტული ბლოკი მნიშვნელოვან მანდატებს მოიპოვებს და შეძლებს პარლამენტის გადაწყვეტილებების დაბლოკვას. შედეგად იქნება – დანაწევრებული პარლამენტი და ახალი პოლიტიკური კრიზისები. ამ პროცესებში გარე მოთამაშეებიც აქტიურად მონაწილეობენ. ბრიუსელი მოლდოვას დაჩქარებულ ინტეგრაციას ჰპირდება, მაგრამ ეს უფრო ილუზიაა, ვიდრე – რეალური პერსპექტივა. მოსკოვი კი მზადაა ენერგია, მიგრაცია და დნესტრისპირეთი გამოიყენოს ზეწოლის ბერკეტებად. ბუქარესტი კი შეეცდება კიშინიოვი ევროკავშირში წაიყვანოს, მაგრამ თვით რუმინეთშიც იზრდება ევროსკეპტიკური და ნაციონალურ-კონსერვატიული განწყობები.
არჩევნების შედეგად, ყველაზე სავარაუდოა სუსტ უმრავლესობაში კვლავ PAS-ის მოხვედრა, რაც გამოიწვევს მოსახლეობის დაღლილობით აგორებულ პროტესტებს. შესაძლებელია ისეთი ვერსიაც, როდესაც პატრიოტული ბლოკი წინ წამოიწევს და კიშინიოვი მოსკოვთან კომპრომისებზე წავა. ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა PAS-ის მტკიცე უმრავლესობა, რომლის შემთხვევაში დადგება ქვეყნის გარდაუვალი დაშლის საფრთხე – დნესტრისპირეთისა და გაგაუზიის აქტივიზაციით.
ამ ეტაპზე კი, მაია სანდუს ლიბერალური რიტორიკა „ევროპული გზის“ შესახებ ვერ აგვარებს ვერც ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებს და ვერც იდენტობის კრიზისს. მოლდოვაში უკვე მომწიფებულია ხალხის დაკვეთა: ქვეყანას სჭირდება ნეიტრალიტეტი, ტრადიციული ღირებულებების განმტკიცება, აგრარულ და სატრანზიტო პოტენციალზე ორიენტაცია. და რაც მთავარია – უარის თქმა საერთაშორისო აგენტოკრატების როლზე დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში. დაველოდოთ, არჩევნების დასრულებამდე საათები რჩება…“, – წერს დავით ქართველიშვილი.