ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
“ჩემმა ფრენდკამ, Nino Sakhvadze -მ თავისი აზრი გამოთქვა, ემიგრანტებთან მიმართებაში. მართალია უხეშად თქვა, ქალბატონმა ნინომ, მაგრამ თქვა სიმართლე!
ერთგან გადავაწყდი კომენტარს, ერთი ქალბატონი, თავისი ოჯახის გამოსაკვებად საზღვარგარეთ გადახვეწილი, ქალბატონ ნინოს წყევლიდა.
ისე მეწყინა, ისე მეწყინა, ისე ძალიან, ისე ძალიან, რომ…
შედარებისთვის: იმ გაჭირვების ჟამს, როცა თქვენ წადით, გოგოებო, საქართველოდან, იმისათვის, რათა საკუთარი ოჯახები გადაგერჩინათ, აქ, სიბნელესა და სიცივში, ომში და განუკითხაობაში დარჩა დანარჩენი ქართველობა, მათ შორის თქვენი ოჯახის წევრებიც. თქვენ როგორც შეგეძლოთ ისე უვლიდით ოჯახებს, აქ დარჩენილები კი ისე, როგორც შეეძლოთ. გაჭირვებით! იმაზე მეტად გაჭირვებით, ვიდრე თქვენ გიჭირდათ. თქვენ ის მაინც იცოდით, რომ ოჯახს გარანტირებულად გამოუგზავნიდით 100 დოლარს, 200 დოლარს, ან მეტს, ან ნაკლებს და ეს გიმსუბუქებდათ ოჯახის სიშორით გამოწვეულ სევდას. აქ დარჩენილებმა კი არ იცოდნენ, ხვალ მხედრიონელი შემოულეწავდათ კარს და დააწიოკებდათ, ყაჩაღი თუ ვინმე სხვა. აქ დარჩენილებმა არ იცოდნენ, ხვალ ექნებოდათ თუ არა მიწის დამუშავების საშუალება, არაფერს ვამბობ პურის ფულზე. აქ დარჩენილებმა (ხაზგასმით – ხელისუფლებაში მოტივტივეებს არ ვგულისხმობ), არ იცოდნენ ხვალ რომ გათენდებოდა, პურს მაღაზიაში მიუსწრებდნენ თუ არა, აქ დარჩენილები, აქ დარჩენილები, აქ დარჩენილები…
დიახ, აქ დარჩენილებმა, მათ შორის თქვენს მიერ გამოკვებილმა, თქვენი ოჯახის წევრებმა, გადავიტანეთ სამოქალაქო ომი და კიდევ სამი ომი. და იმ ადამიანებმა, ვისაც ოჯახის წევრები არ გვყავს საზღვარგარეთ წასულები სამუშაოდ, ყველა გაჭირვება, ნახევრად მშივრებმა გადავიტანეთ! დიახ, ასე იყო ეს! და, დღეს გაჭირვებაში გაზრდილებს თუ გვაქვს, მაგალითად, სამსახური, თქვენი დასამადლებელი არაფერი გვჭირს!
ახლა, როცა, ისტერიკაშია “იქ წასულებიც” და “აქ დარჩენილებიც”, ახლა, როცა, ვერა და ვერ გაარკვია “ორმა საქართველომ” რომელი მხარე დაიჩაგრა ყველაზე მეტად, გეკითხებით:
რას იწყევლებით, რას იგინებით, რას იმუქრებით? და, ზოგადად, რა გინდათ? სად გინდათ? როგორ გინდათ? რით ხართ “დარჩენილებზე” მეტად ადამიანები? ან “გადახვეწილები” რით არიან “დარჩენილებზე” ნაკლებნი? რა ვერ გაიყავით? ან როგორ რისკავთ და წყევლით სხვებს? არ გეშინიათ?!!!”- წერს ჟურნალისტი.