პატრიარქის დაცვის ახალი უფროსი, ალბათ, დაცვის არსებული წევრებიდან ერთ-ერთი იქნება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ განუცხადა.
მისი თქმით, რამდენიმე კანდიდატი უკვე არსებობს, თუმცა პატრიარქის კომენტარს ელოდებიან. ჩუბინიძის განმარტებით, ცვლილებასთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან კონსულტაცია შედგა.
„უახლოეს დღეებში დასახელდება კანდიდატურა. ახლა პატრიარქისგან გვინდა პოზიცია. ცვლილებასთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან კონსულტაცია იყო. ალბათ, დაცვის არსებული წევრებიდან იქნება, რადგან მათ იციან. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, როცა ხდება ცვლილება. ცვლილებები მუდმივად მოხდება და ამაზე აჟიოტაჟს ნუ ატეხთ. რაც შეეხება ზურაბ ბუჩუკურს, არ მინდა ჩრდილი მიადგეს, თავისი გზა ძალიან სწორად განვლო, ის არის ძალიან კეთილსინდისიერი“, – განუცხადა ჩუბინიძემ „ინტერპრესნიუსს“.
მისი თქმით, ზურაბ ბუჩუკური უკვე მოიაზრება გარკვეულ თანამდებობაზე და ეს ინფორმაციაც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
პატრიარქის დაცვის უფროსის ზურაბ ბუჩუკურის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი.