რუმინეთი უკრაინასთან ერთად თავდაცვითი დრონების წარმოებას გეგმავს, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა ტოიუმ „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ტოიუს თქმით, რუმინეთი იმედოვნებს, რომ უკრაინასთან ერთად თავის ტერიტორიაზე რაც შეიძლება სწრაფად დაიწყებს თავდაცვითი დრონების წარმოებას, როგორც შიდა მოხმარებისთვის, ასევე ევროკავშირისა და ნატო-ს მოკავშირეებისთვის.
„ჩვენ გვჯერა, რომ სწორი სტრატეგია აღმოსავლეთ ფლანგის უკეთ დაცვაა, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის კუთხით. ამიტომ, ამ მიმართულებით ჩვენ ვთანამშრომლობთ, მაგალითად, უკრაინასთან, თავდაცვითი დრონების შესაქმნელად. ჩვენ გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების, გვჯერა, რომ ეს შეიძლება რაც შეიძლება სწრაფად ვაქციოთ რეალობად“, – განაცხადა რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, 27 სექტემბერს რუმინეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინაზე იერიშის დროს რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა სავარაუდოდ, რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. რუმინეთს უკრაინასთან 650 კილომეტრის სიგრძის საერთო საზღვარი აქვს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუმინეთის ტერიტორიაზე არაერთხელ ჩამოვარდა რუსული დრონების ფრაგმენტები.