უკრაინის ოდესის რეგიონში, 30 სექტემბრის ღამეს დაწყებულმა ძლიერმა წვიმამ, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა, ცხრა ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი იმსხვერპლა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის რეგიონალურმა შტაბმა განაცხადა.
მთელი ღამის განმავლობაში მაშველები ეხმარებოდნენ დატბორილი ზონებიდან ადამიანების ევაკუაციას, მანქანების ამოყვანას, შენობებიდან წყლის ამოტუმბვას. ოდესის რეგიონში სულ 362 ადამიანი გადაარჩინეს და 227 მანქანა ბუქსირით გადაიყვანეს. სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურმა 255 მაშველი და 68 ერთეული ტექნიკა განალაგა. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
ცუდი ამინდის გამო, ბევრმა ადამიანმა სახლში დაბრუნება ვერ შეძლო და ღამის გათევა სამსახურში მოუწია.
ოდესის მერიის პრესსამსახურის ცნობით, შვიდ საათში რეგიონულ ცენტრში თითქმის ორი თვის ნალექი მოვიდა, რამაც გამოიწვია რამდენიმე ქუჩის დატბორვა, ასევე საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის დაზიანება.