რუსი ქალი, რომელიც საერთაშორისო მედიის პირველ გვერდებზე მოხვდა მას შემდეგ, რაც ინდოეთში, ორ მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად გამოქვაბულში იპოვეს, სამშობლოში დაბრუნდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
40 წლის ნინა კუტინა და მისი ექვსი და ხუთი წლის ქალიშვილები 9 ივლისს, პოლიციამ სამხრეთ შტატ კარნატაკაში, ტყის პატრულირების დროს იპოვა და გადაარჩინა.
ქალი, რომელსაც ინდოეთში დარჩენისთვის საჭირო დოკუმენტები არ გააჩნდა, ქალიშვილებთან ერთად უცხოელთა დაკავების ცენტრში გადაიყვანეს.
გასულ კვირას, კარნატაკას უმაღლესმა სასამართლომ, ფედერალურ მთავრობას, კუტინასა და მისი ქალიშვილებისთვის სამშობლოში დაბრუნების დოკუმენტების გაცემა სთხოვა. ქალი და ბავშვები სამშობლოში 28 სექტემბერს გაფრინდნენ. მათთან ერთად გაემგზავრა კუტინას უფროსი ვაჟი, რომელიც სხვა ქორწინებიდან ჰყავს და ის გოაზე ცხოვრობდა.