კოპენჰაგენის სამიტზე ჩასულმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტი კვლავ ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირის წევრად მიღების იდეას.
„უნგრელებს არ სურთ, რომ უკრაინელებთან ერთად იყვნენ ერთი და იმავე ინტეგრაციის ფორმატში, იქნება ეს სამხედრო [როგორიცაა ნატო], თუ პოლიტიკურ-ეკონომიკური [როგორიცაა ევროკავშირი]. ამიტომ, ჩემი, უნგრეთის წინადადებაა, რომ [უკრაინასთან] გვქონდეს სტრატეგიული შეთანხმება და არა წევრობა“, – აღნიშნა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.
ორბანის თქმით, „უკრაინა გმირული ქვეყანაა. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მათ მხარი. ამაზე კითხვა არ არის. კითხვა ისაა, თუ რა ფორმით გავაკეთებთ ამას. წევრობა ზედმეტია“.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მისი პირადი აზრი კი არა, „უნგრელი ხალხის გადაწყვეტილებაა“.
„არავინ იცის, რა მოხდება 100 წელიწადში… მაგრამ დღეს, აშკარად, არავითარი წევრობა. [ეს] ნიშნავს, ჯერ ერთი, რომ ომი მოვა ევროკავშირში; მეორეც, ევროკავშირის ფული უკრაინაში წავა. ორივე ცუდია“, – განმარტა მან.