თეოლოგი გელასი აროშვილი საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
,,შორენას დემონიზირება და მისი ჩამოშორების მცდელობა, ერთგვარი უსამართლობაც კი არის. მძლავრი სისტემა, რომელიც მოგვევლინა დღევანდელი საპატრიარქოს სახით, შორენას აშენებულია. ამ პროექტის შემსრულებელი პირადად შორენაა. შორენას პირადი დამსახურებაა პატრიარქის კულტის შექმნა, საპატრიარქოში დამყარებული აბსოლუტური მონარქიზმი, საპატრიარქოს მიერ პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოპოვება, შემოსავლების და ბიზნესების აღმავლობა და მზარდი დინამიკა, საინფორმაციო სივრცის კონტროლი უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, სიტუაციების შესაბამისი საკადრო გადაადგილებები, შიდა დაჯგუფებათა შორის კონფლიქტების მოგვარება და სისტემისთვის უმტკივნეულოდ მათი ინტერესების დაბალანსება, ურთიერთობა მთავრობებთან და ა.შ. მოკლედ, საპატრიარქოს მთელი საგარეო და საშინაო პოლიტიკის წარმართვა და კორექტირება.
შორენა ფლობს უნიკალურ ინფორმაციას ყველა სასულიერო პირზე და მათ შორის თავად პატრიარქზე, მას შეუძლია ლობირება გაუწიოს ნებისმიერ პროექტს და მიაღებინოს პატრიარქს ნებისმიერი მისთვის სასურველი გადაწყვეტილება. ამიტომაცაა, რომ სისტემა უაღრესად მტკივნეულად რეაგირებს მისი შემქმნელის წინააღმდეგ წამოწყებულ შეტევაზე. შორენას დისკრედიტაცია, მთელი საპატრიარქოს და პირადად პატრიარქის დისკრედიტაციაა. შორენას წასვლით ან ჩამოშორებით, ჩამოიშლება მთელი სისტემა და დაისადგურებს ქაოსი და ანარქია. და თავად სისტემა იმგვარადაა აწყობილი, რომ შორენას გარეშე უბრალოდ გაჩერდება. ასე, რომ სისტემა და შორენას გვარდია ბოლომდე იბრძოლებს თავისი კონსტრუქტორის და პატრონის დასაცავად. ცხადია არც ხელისუფლებებს არ აწყობთ მთავარი საამომრჩევლო რესურსის და მათი ლეგიტიმატორის უკონტროლობა და დაქსაქსულობა, აბა რისთვის იხდიან ამხელა ხარკს ცენტრალური თუ ადგილობრივი ბიუჯეტებიდან?“-წერს გელასი აროშვილი.