ჟენევაში ისრაელის ძალების მიერ ღაზისკენ მიმავალი ჰუმანიტარული ფლოტილიის შეჩერების გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, შვეიცარიაში გამართულ აქციაზე დაახლოებით 3000 ადამიანი იმყოფებოდა. პოლიციის წარმომადგენლის თქმით, დემონსტრანტებს საშიში იარაღი არ ჰქონდათ, მაგრამ სხვადასხვა ნივთებს ისროდნენ, რამაც გარკვეული ზიანი მიაყენა სხვადასხვა შენობას.
ისრაელის სამხედრო ძალების მიერ ღაზისკენ მიმავალი ჰუმანიტარული ფლოტილიის შეჩერებამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საპროტესტო აქციები გამოიწვია. დემონსტრაციები გაიმართა იტალიასა და კოლუმბიაშიც. რომში პალესტინის მხარდამჭერმა დემონსტრანტებმა ქუჩების ბლოკირება მოახდინეს.
მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა თურქეთშიც. სტამბოლში ათასობით ადამიანი აშშ-ისა და ისრაელის საკონსულოების წინ შეიკრიბა. აქციის მონაწილეები თურქეთის მთავრობისგან უფრო მკაცრი ზომების მიღებას ითხოვდნენ ფლოტილიის დასაცავად.
ღაზისკენ მიმავალი ჰუმანიტარული ფლოტილია თავდაპირველად 40-ზე მეტ გემს მოიცავდა, რომლებზეც დაახლოებით, 500 პარლამენტარი, იურისტი და აქტივისტი იმყოფებოდა. ბოლო ინფორმაციით, ისრაელის საზღვაო ძალებმა ფლოტილიის 13 გემი შეაჩერეს და ბორტზე მყოფი აქტივისტები, მათ შორის, გრეტა ტუნბერგი დააკავეს.
ცნობისთვის, ფლოტილია ცდილობს, ისრაელის საზღვაო ბლოკადის გარღვევას ღაზაში მედიკამენტებისა და საკვების მიწოდებით.