ჩემი პირადი გამოცდილება ასეთია, რომ ქართველ ხალხს დღეს მიეცა შესაძლებლობა გამოეხატა საკუთარი პოლიტიკური მოსაზრება, – განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა ისტვან ჰოლიკმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
„ჩვენ დავაკვირდით არა მხოლოდ საარჩევნო უბნებს, ასევე დავაკვირდით სამართლებრივ ჩარჩოს და შემიძლია ვთქვა, რომ საარჩევნო კანონმდებლობა იყო სრულად დაცული, უმაღლესი ევროპული სტანდარტით.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი გამოცდილებით არანაირ დარღვევას არ ჰქონია ადგილი. ასევე არ იყო არანაირი პროვოკაცია საარჩევნო უბნებზე. შესაბამისად, ეს იყო მშვიდობიანი არჩევნები, სადაც ქართველ ხალხს ჰქონდა შესაძლებლობა სრულყოფილად, თავისუფლად გამოეხატა საკუთარი პოლიტიკური ნება კენჭისყრის ფარულობის დაცვით.
პირველად ვიყავით თბილისში, შემდეგ კი ჩავედით რუსთავში. როგორც ჩემმა კოლეგებმა ახსენეს, საარჩევნო უბნებზე პერსონალი იყო სათანადოდ მოწესრიგებული, კარგად ორგანიზებული. ეს იყო თავისუფალი და ფარულობით დაცული კენჭისყრა. ეს არის ჩვენი გამოცდილება“, – აღნიშნა მან.