სლოვაკეთმა უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტი დააანონსა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, სლოვაკეთის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა, რობერტ კალინიაკმა დახმარების მე-14 პაკეტის შესახებ კიევში, თავდაცვის ინდუსტრიის საერთაშორისო ფორუმზე გამოაცხადა.
„დიდი სიამოვნებით გაცნობებთ, რომ მინისტრ შმიგალთან ერთად ახლახან მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს, დახმარების მე-14 პაკეტის შესახებ, რომელიც უკრაინისთვის საინჟინრო და ნაღმების საწინააღმდეგო დახმარების გაწევას ითვალისწინებს“, – განაცხადა კალინიაკმა.
სლოვაკეთის ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ კიევში მოლაპარაკებების დროს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესახებ შესაძლო პროექტებს განიხილავს.
ამასთან, რობერტ კალინიაკმა აღნიშნა, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ბოლო შეხვედრის დროს, მომავალი, ერთობლივი სამთავრობათაშორისო სხდომის ერთ-ერთ მთავარ თემად, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა განისაზღვრა.
ცნობისთვის, სლოვაკეთმა უკრაინას 2022 წლის თებერვალში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან სამხედრო დახმარების 13 პაკეტი გამოუყო. რობერტ ფიცოს ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ კი, უკრაინისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარება შეწყდა. ფიცოს დაბრუნების შემდეგ, ეს სლოვაკეთის მთავრობის მიერ გამოცხადებული პირველი სამხედრო დახმარების პაკეტია.