შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 4 ოქტომბერს თბილისში დანაშაულებრივ მოქმედებებთან დაკავშირებით გამოძიების ფარგლებში პირველ ეტაპზე 15 პირია იდენტიფიცირებული, სასამართლოს განჩინების საფუძველზე კი დაკავებულია 13 პირი.
ამ საკითხზე შინაგან საქმეთა მინისტრი მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგი გამართა.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში 4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
გამოძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე, სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი, საიდანაც, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, უკვე დაკავებულია 13 პირი – ესენი არიან: თ.მ., ა.ნ., დ.ჟ., ბ.მ., ა.გ., ე.შ., გ.რ., ვ.ფ., დ.ს., მ.მ., ა.ხ., კ.მ. და ს.მ..
2 პირი ჯერჯერობით იმყოფება მიმალვაში. პოლიცია ატარებს შესაბამის ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებებს, მათი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
აქვე, საზოგადოებას მივაწოდებთ ინფორმაციას იმავე დღეს, 4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში დაკავებული კიდევ 2 პირის შესახებ. ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, დააკავეს 1979 წელს დაბადებული რ.შ. და 1978 წელს დაბადებული ს.ფ..
რ.შ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იყო საბრძოლო მასალა. გამოძიებით დადგინდა, რომ ამოღებული საბრძოლო მასალა განკუთვნილი იყო მის სახელზევე, ტარების უფლებით, რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღისთვის. შესაბამისად, დაკავებული გათავისუფლდა.
რაც შეეხება მასთან ერთად მყოფ მეორე დაკავებულ ს.ფ.-ს, სამართალდამცველების მიერ ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო ქალაქ ბათუმში მდებარე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან – დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, მჭიდები, აირწინაღები, ჩაფხუტები, რადიოგადამცემი მოწყობილობა და 150-მდე სიმ ბარათი. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.